წლევანდელ ტურისტულ სეზონზე აჭარამ უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტებს უმასპინძლა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში სასტუმროებში დატვირთვის კოეფიციენტმა 48,61%-ს შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,11%-იანი ზრდას მიანიშნებს.
სექტემბერში დატვირთვის კოეფიციენტი 39,57 %-ს შეადგენდა, რაც გასული წლის სექტემბრის მონაცემებს 7,50 %-ით აღემატება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სტატისტიკას სასტუმროების მიერ მოწოდებული დატვირთულობის მონაცემების მიხედვით აქვეყნებს.
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და პოლონეთი.
გასულ წელთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით კი გამოირჩევა სომხეთი (36,6%), პოლონეთი (+29%), აზერბაიჯანი (+29%), რუსეთი (+25,7%), და უკრაინა (+14,3%).
სასტუმროების მონაცემებით აჭარას სულ 383 031 ტურისტი სტუმრობდა.
"აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები არ შეიცავს კერძო სექტორში განთავსებულ ტურისტთა რიცხვს, სადაც წელს განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნეოდა. დეპარტამენტში მიმდინარეობს სტატისტიკური კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომელიც სამომავლოდ კერძო სექტორსაც მოიცავს.
დამატებითი მოკვლევა ჩატარდა საქართველოს შსს-ს საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 24%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით, ხოლო საზღვაო ტრანსპორტით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობაში 4%-იანი ზრდა აღინიშნება", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.
წლევანდელ სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ასევე აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში. 2014 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,5%-ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით.
მასალის გამოყენების პირობები