16 ოქტომბერს უძრავი ქონების საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Colliers International"-ი გამართავს პრეზენტაციას საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის დეტალებისა და მიმართულებების შესახებ. აღნიშნული კვლევა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საპარტნიორო ფონდის ინიციატივით.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ნათია თურნავა.
პრეზენტაციას გამართავს კომპანიის Colliers International Georgia-ის დირექტორი ირაკლი კილაურაძე.
პრეზენტაციას დაესწრებიან უძრავი ქონების დეველოპერები, საკონსულტაციო კომპანიები და კვლევის საკითხით დაინტერესებული პირები.
უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 6 მიმართულებას მოიცავს. მათ შორის არის საცხოვრებელი, საოფისე და სასაწყობე ბაზრების; აგრეთვე სასტუმროების, საცალო ვაჭრობისა და გასართობი ინდუსტრიის მიმოხილვა.
ასევე დაგეგმილია სახელმწიფო საკუთარებაში არსებულ მსხვილ ობიექტებზე „თიზერებისა" და სხვადასხვა ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ საინფორმაციო-საინვესტიციო ბროშურების დამზადება, რაც სასტუმრო და გასართობი ინდუსტრიის უძრავი ქონების ბაზრის ეფექტური რეკლამირების საშუალებაა.
"Colliers International"-ი საერთაშორისო ლიდერია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიებს შორის და ახორციელებს ოპერაციებს 37 ქვეყანაში.