15 ოქტომბერს ბათუმის პორტს სეზონის ერთ-ერთი უდიდესი საკრუიზო ხომალდი "MS Thomson Celebration" ესტუმრა. მსხვილ ამერიკულ-ჰოლანდიურ ლაინერზე 1800-მდე მგზავრი იმყოფება. საკრუიზო ხომალდებს მომსახურებას გაუწევს ტურისტული კომპანია აჭარა ტური. დღის ბოლომდე უცხოელი ტურისტები ბათუმის მთავარ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს და ფოლკლორს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე 26 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 14 720-მდე უცხოელი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში 16 გემი იყო შემუსული 5162 მგზავრით. დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით რეგიონში 3-ჯერ მეტი ტურისტია შემოსული.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა ბოლო წლებია ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 30-მდე საკრუიზო გემი შემოვიდა. წლევანდელ სეზონზე საკრუიზო სტატისტიკაში ტურისტების რიცხობრივი ზრდის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა მსხვილი საკრუიზო ხომალდების სტუმრობამ. საკრუიზო ლაინერებიდან განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩეოდა "RIVIERA" (1150 ტურისტი + 750 ეკიპაჟის წევრი, 24 ივლისი), "Seven Seas Mariner" (750 ტურისტი + 445 ეკიპაჟის წევრი, 14 აგვისტო), "Prinsendam" (800 ტურისტი + 400 ეკიპაჟის წევრი, 13 ოქტომბერი) და "Thomson Celebration" (1250 ტურისტი + 550 ეკიპაჟის წევრი ,15 ოქტომბერი).