ENG / RUS       12+

დევიდ დათუნა: გიორგი მარგველაშვილი ჭკვიანი კაცია და თავისი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება სურს

რესპოდენტის შესახებ

„დევიდ დათუნა - ამერიკელი მხატვარია, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, მკვეთრი და ნათელი ინსტალაციური და მხატვრული გადაწყვეტილებების ოსტატი. იგი თავის შემოქმედებაში კონცეპტუალური ხელოვნების სტილს მისდევს. დევიდ დათუნა წარმოშობით საქართველოდანაა, მისი ნამუშევრები მსოფლიოში ძალიან ძვირად იყიდება. მხატვრის ქმნილებებს ყველგან ნახავთ - კერძო და საბანკო კოლეციებში, მსოფლიოს ბევრ მუზეუმში, გალერეაში. მის ნამუშევრებში განსაკუთრებული ნიშა უკავია დროშებს. როგორც ხელოვანი ამბობს, დროშა მისთვის არამარტო სახელმწიფოს სიმბოლოა, არამედ ცალკე არსებული ორგანიზმი. დევიდ დათუნას ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი სწორედ საქართველოს დროშაა", - ნათქვამია „ნოვიე ხრონიკის" პუბლიკაციაში.
გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
- თქვენ თბილისელი ბრძანდებით, იქ 16 წელი იცხოვრეთ. რატომ გადაწყვიტეთ ამდენი წლის შემდეგ საქართველოსთვის გეჩუქებინათ თქვენი რამდენიმე ნამუშევარი?
- ამ წელიწადს ორი თვის განმავლობაში თბილისში ვიმყოფებოდი, სტუდენტებს რამდენჯერმე შევხვდი, გამაკვირვა მათმა ნათელმა იდეებმა და მსოფლმხედველობამ. მე ასეთ ახალგაზრდდებთან შინაგანად ძალიან ახლოს ვარ. დამებადა იდეა ახალგაზრდა მხატვრების კონკურსი ჩამეტარებინა. ეს არის შანსი, რომ თავიანთი ტალანტი განავითარონ. წელიწადში ერთხელ, ამერიკელ კურატორებთან ერთად, შევარჩევ საუკეთესო ნამუშევრებს და ნიუ-იორკის გალერეებში გამოფენას მოვაწყობ. საქართველოშივე გადავწყვიტე შემექმნა სახელმწიფო დროშა....
- თქვენ საქართველოს პატრიარქის პორტრეტზე მუშაობთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ ილია მეორესთან?
- როცა საქართველოში ვიყავი, ქვეყანა შემოვიარე. იმდენი ქალაქი და სოფელი მოვინახულე, იმდენ ხალხს შევხვდი, რომ წინასაარცევნო კამპანია გეგონებოდათ. ვიღაცეებს ხელისუფლება მოსწონთ, ვიღაცეები აკრიტიკებენ, ზოგიერთს დღევანდელი პრეზიდენტი მოსწონს, ზოგს - არა... მხოლოდ ერთი პიროვნების მიმართ აქვთ ყველას ერთნაირი აზრი: პატივისცემა, სიყვარული, მოწიწება, გულთბილი დამოკიდებულება და ეს ყველაფერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნიტარესის, ილია მეორის მიმართ. იგი ჭეშმარიტად განსაკუთრებული ადამიანია. მის გვერდით რომ დგახარ, ბედნიერებას გრძნობ... სწორედ მასთან შეხვედრის დროს გადავწყვიტე უწმინდესისა და უნეტარესის პორტრეტის გამოხატვა და პროექტ „ჭეშმარიტების" განხორციელება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რადგან თვითონ ილია მეორემ დალოცა. მუზეუმში გამოფენის შემდეგ პორტრეტს თბილისში ჩავიტან ხალხს ვაჩვენებ და პირადად მივუძღვნი პატრიარქს...
- სულ ახლახან თქვენ საქართველოს დროშაზე მუშაობა დაასრულეთ, რომლის ღირებულება თითქმის მილიონ დოლარს აღწევს. განზრახული გაქვთ ეს დროშა იმ ადამიანს გადასცეთ, რომლის მიმართაც დღეს საქართველოში სპეციფიკური პოზიციები აქვთ. მე მხედველობაში მყავს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რატომ გადაწყვიტეთ დროშა აჩუქოთ, რბილად რომ ვთქვათ, არაპოპულარულ პრეზიდენტს?
- ეს ზოგიერთს აქვს სპეციფიკური პოზიცია საქართველოში, თორემ ჩემთვის - ამერიკისა და მსოფლიოს მოქალაქისათვის გიორგი მარგვლაშვილი არჩეული პრეზიდენტია, რომელმაც ფიცი დადო საკუთარი ხალხის სამსახურისათვის. იგი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის თავისი ქვეყნის წარმომადგენელია. მე არც ვადიდებ და არც ვამცირებ მის ღირსებებს. მესმის, რომ საქართველო ისეთი სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლება ძირითადად პარლამენტისა და მთავრობის ხელშია, მაგრამ პრეზიდენტი ერის ოფიციალური წარმომადგენელია. ამიტომაც დროშას მე ქართველ ხალხს გადავცემ, პირადად კი საყოველთაოდ არჩეულ წარმომადგენელს გიორგი მარგველაშვილს, ქართველი ხალხისადმი პატივისცემის ნიშნად.
- როგორ შეაფასებდით საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას? რაში დაუჭერდით მხარს ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, რაში არ დაეთანხმებოდით?
- მე პოლიტიკოსი არ ვარ, მხატვრობით ვარ დაკავებული. ჩემს აზრებს და პოზიციებს საკუთარ ქმნილებებში გამოვხატავ. ყოველთვის მზად ვარ მხარი დავუჭირო სიკეთეს, ჭკვიანურ იდეებს ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს - საქართველოში, სადაც მე დავიბადე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომელზეც მუდამ ვფიქრობ. დღეს საქართველოში საკმაოდ რთული სიტუაციაა, ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში, თუმცა აშკარად შეინიშნება საღი ტენდენციები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური ლიდერების დამსახურებაა. პირადად ვიცნობ პრეზიდენტს და შემიძლია გითხრათ, რომ იგი ჭკვიანი კაცია და თავისი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება სურს. ბევრი რამ გამიგია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ და ვიცი, რომ ბევრ ჭკვიან და გავლენიან ადამიანებს მისი სჯერათ, მას მიჰყვებიან და მხარს უჭერენ საქართველოს გარდაქმნისათვის - ევროპულ, განვითარებულ სახელმწიფოდ გადასაქცევად, სადაც ცხოვრება საამური და საამაყო იქნება.
ავტორი: . .