სასტუმრო და სარესტორნო საქმიანობის დასაწყებად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, სპეციალური ლიცენზიების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, უნდა არსებობდეს სპეციალური სალიცენზიო სისტემა და ლიცენზიის მისაღებად სასტუმრომ თუ რესტორანმა მინიმალური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რაც თავის მხრივ კანონმდებლობაში იქნება გაწერილი, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.
„უნდა არსებობდეს გარკვეული ლიცენზიები სასტუმრო, სარესტორნო, ტურისტული სააგენტოს ბიზნესის დასაწყებად, თუ გიდად მუშაობისათვის. რეალურად ამ ყველა სფეროს ტურიზმში უნდა ქონდეს მინიმალური წინაპირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ, შესაძლებელი იქნება კონკრეტული ბიზნესის დაწყება, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს კიდეც. შორს რომ არ წავიდეთ თუნდაც მეზობელ თურქეთში",- განმარტავს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციების შემოღება, ბიზნესის მხრიდან დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.
„არ გამოდის ზედმეტი ტვირთი, რადგანაც ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასტუმრო მიიღებს სასტუმრო ბიზნესის დაწყების ლიცენზიას. ლიცენზიის პირობების დასაკმაყოფილებლად კი საუბარი უნდა იყოს, თუნდაც მინიმალურ დონეზე უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილებაზე. ანუ აქ საუბარი არაა, რომ ლიცენზიის აღება იყოს ფასიანი, აქ საუბარია იმაზე, რომ აუცილებელი იყოს მინიმალური ნორმებისა და სტანდარტების დაკმაყოფილება", - აცხადებს ბერძენიშვილი.