2016 წლამდე აჭარაში განთავსების საშუალებებში ერთდროულად 20 ათასამდე სტუმრის დაბინავება იქნება შესაძლებელი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ბერძენიშვილის განმარტებით, 2016 წლისათვის დაგეგმილია ახალი ბრენდ, თუ ჩვეულებრივი სასტუმროების გახსნა, რაც აჭარას დამატებით 5000-მდე სასტუმრო ადგილს შემატებს. მამუკა ბერძენიშვილის განმარტებით, 2016 წლისთვის დაგეგმილია „ჰილტონის", „კემპინსკის", „ბაბილონის", „სისტემ თაუერის" გახსნა.
„ამ დროისათვის აჭარაში დაახლოებით 14 ათასამდე სასტუმრო ადგილი გვაქვს. იგულისხმება ოფიციალური განთავსების ობიექტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან საჯარო რეესტრში და იხდიან გადასახადებს. ამაში შედის როგორც სასტუმროს ნომრები, ასევე გესტჰაუსები და ჰოსტელები", - განმარტავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
ახალი სასტუმროების გახსნა კი თავის მხრივ გაზრდის კონკურენციას, რაც არსებულ ფასებზეც აისახება და ბიზნესი იძულებული გახდება ტარიფს გადახედოს და დააკორექტიროს კიდეც.
„ეს ყველაფერი კი გაადვილებს ტურისტების მიღების პირობებს და იმავდროულად გავლენას მოახდენს არსებულ ფასებზე. თუ სეზონის დროს კონკურენცია გაიზრდება, შესაბამისად ფასებიც დაიკლებს. დღეისათვის ის მოთხოვა, რომელიც ივლისსა და აგვისტოში ფიქსირდება, მიწოდებას აჭარბებს. შესაბამისად, კონკრეტული ფასის ობიექტი იყიდება შედარებით უფრო ძვირ ფასად. თუმცა, თუ მიწოდებას მხარს ავუბამთ, სასტუმრო ადგილების რაოდენობის კუთხით, ფასების რეგულაციის მნიშვნელოვანი ბერკეტიც გაჩნდება", - აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.