მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველის, ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად, რეგიონისთვის. სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, რათა ქართულმა მხარემ მაღალ დონეზე უმასპინძლოს საერთაშორისო დონის შეხვედრას.
კომისიის სხდომას დაესწრნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და კომისიის სხვა წევრები.
წლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი დაგეგმილია 2015 წლის 13-15 მაისს.
თბილისში EBRD-ის 2015 წლის წლიური შეხვედრის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება EBRD-ის მმართველთა საბჭომ მიიღო. ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის მმართველები, რომელთაგან 34 ფინანსთა მინისტრია, აგრეთვე ალტერნატიული მმართველები, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები.