მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, სასტუმრო „ამბასადორში" საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაციას, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აგნეშკა კროლიკოვსკა ხელმძღვანელობს.
დელეგაცია თბილისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოწვევით იმყოფება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩეჟკოვსკი.
„დღეს გვაქვს შესაძლებლობა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული გამოცდილება გავიზიაროთ. საქართველოში ჩამოსულია პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს მაღალი დონის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ადგილზე გაეცნობა ჩვენი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას. მოხდება აზრთა გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მნიშნელოვანია, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღებთ ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მოხმარდება ჩვენი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სრულყოფას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ჩვენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, კერძოდ საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივ პროექტს 2013 წლიდან ვახორციელებთ, რომლის მიზანია სახელმწიფო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. იმედი გვაქვს, ჩვენი ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი იქნება," - აღნიშნა პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ტომაშ პოვაკლამ.
დღესვე, სასტუმრო „ამბასადორში" გაიხსნა საერთაშორისო ფორუმი თემაზე - „კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მეთოდების დახვეწა, როგორც საჯარო ადმინისტრაციის პოტენციალის გაზრდის ეფექტური საშუალება." ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდოლოგიაზე, კორუფციის გამოვლენის სფეროში სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, იმსჯელეს მონაცემთა ბაზის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობის ევროპული სტანდარტების დაცვის საკითხებზე. პოლონეთის დელეგაციის წევრები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საგამოძიებო სამსახურის რეგიონულ ოფისებში.
პროექტი პოლონეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ორი ქვეყნის ფინანსთა და საგარეო სამინისტროების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი 5 დღე გაგრძელდება.