ENG / RUS       12+

არიელ კოენი: თეთრმა სახლმა თბილისს და ბაქოს არჩევანი აღარ დაუტოვა

რესპოდენტის შესახებ

რა შეცდომები დაუშვა ვაშინგტონმა საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებში? 

ვრცელ ინტერვიუში ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი არიელ კოენი აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაზე, უკრაინის კრიზისზე და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და, ბუნებრივია, გვერდს არ უვლის საქართველოსაც (ესაუბრება ზაურ რასულზადე).
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ამონარიდს „ჰაქიზანში"გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
- თქვენ არაერთხელ გაგიკრიტიკებიათ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოლიტიკა. რა უნდა გააკეთოს მან, თქვენი აზრით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინაში?
- გავიხსენოთ ჩერნომირდინის ცნობილი ფრთიანი გამონათქვამი: „გვინდოდა კარგად გაგვეკეთებინა, მაგრამ ისევ ძველებურად გამოგვივიდა". იგივე აკეთებს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც, რომელიც საგარეო პოლიტიკაში რაღაც წარმატებების მიღწევას ცდილობს, მაგრამ შეცდომებს უშვებს... მისი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ბარაკ ობამამ დაუშვა ამერიკის გავლენის შემცირება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამან კი რუსეთს მანევრირების საშუალება მისცა. ეს აისახა როგორც საქართველოსთან პოზიციებში, ასევე უკრაინასთან [და ყაზახეთთან] მიმართებითაც. თვითონ ბარაკ ობამა ამ ქვეყნებში არასდროს არ ჩასულა, იქ მხოლოდ ჯო ბაიდენს აგზავნიდა ხოლმე, რომელიც იქაურ ლიდერებს ლექციებს უკითხავდა კორუფციასთან ბრძოლაში საკითხებში... ამით აშკარა ჩანდა, რომ თეთრი სახლმა დისტანცირება მოახდინა მიხეილ სააკაშვილისაგანაც, ილჰამ ალიევისგანაც და ნურსულთან ნაზარბაევთანაც. ამტომაც ამგვარმა პოლიტიკამ დიდი ზიანი მიაყენა აშშ-ის ინტერესებს ამ ქვეყნებში. რუსეთმა კი, დაინახა რა ამერიკის სისუსტე, აღნიშნულ სახელმწიფოებზე თავისი ზეწოლის გაძლიერება დაიწყო.
- თქვენ ამით ხსნით აზერბაიჯან-რუსეთის ერთმანეთთან დაახლოების დაწყებას?
- გარკვეული თვალსაზრისით ეს ასეცაა. თანაც აქ საკითხი იმდენად ილჰამ ალიევის პირად წყენას კი არ ეხება ბარაკ ობამას მიმართ, არამედ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ვაშინგტონმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ არჩია. მე ადრეც არაერთხელ  მითქვამს და გამიფრთხილებია ამერიკული ისტებლიშმენტი, რომ შეერთებულმა შტატებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოსტსაბჭოთა სივრცეს, სამხრეთ კავკასიას, კერძოდ კი აზერბაიჯანს, როგორც რეგიონის საკვანძო სახელმწიფოს. სამწუხაროდ, ამერიკაში არ ესმით აზერბაიჯანის როლი იმ ადამიანებს, რომლებიც დიპლომატიისა და უსაფრთხოების საკითხებით არიან დაკავებულნი. ისინი შერჩევით უდგებიან ორმხრივ ურთიერთობებს. დიახ, მე როგორც პოლიტოლოგს და როგორც აშშ-ის მოქალაქეს, ძალიან კარგად მესმის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრობლემები, მაგრამ ბაქოსთან მოლაპარაკების დროს არამხოლოდ ეს საკითხები უნდა იყოს პრიორიტეტული. ჩვენ ასევე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ბარაკ ობამას ჯერ კიდევ აქვს ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი, რუსეთთან მიმართებაში კი მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინთან დამოკიდებულებაც პოზიტიური გახდება, უკრაინის კრიზისის მიუხედავად. აი, ასეთი პოლიტიკით ბარაკ ობამა არჩევანს აღარ უტოვებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და აზერბაიჯანი. სომხეთთან, პრინციპში, ყველაფერი გარკვეულია... ასე რომ, თბილისსა და ბაქოს ვაშინგტონმა არჩევანი არ დაუტოვა და იმათაც რა ექნათ, დაიწყეს დაბალანსებული პოლიტიკის ძიება როგორც მოსკოვთან და პეკინთან, ასევე თეირანთან და ანკარასთან...

ავტორი: . .