ENG / RUS       12+

მანანა ნაჭყებია: მიშას ხელში რომ ვცხოვრობდით, იმაზე უარესად თუ ვიქენით მაშინ რა აზრი აქვს ხელისუფლების ცვლას?

რესპოდენტის შესახებ

„ქართული იცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორიწლისთავს „ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში „ახალი მემარჯვენეებს" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია აფასებს.

- ორი წელი გავიდა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს, რა წარმატებები მიითვალა ხელისუფლებამ?

ძალიან მინდა მოვიფიქრო ისეთი სერიოზული წარმატება, რომელიც ამ ჩამონათვალში შეიძლება მოხვდეს. სამწუხაროდ, ყველაზე დიდ წარმატებად ის ფაქტი რჩება, რომ 2012 წელს ქართულმა ოცნებამ მოახერხა მშვიდობიანი გზით, არჩევნების საშუალებით შეეცვალა ხელისფლება. ეს დემოკრატიის თვალსაზრისით პროგრესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
პოლიტიკა, სახელმწიფოს მართვა არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება შეფასებებისას მხოლოდ დეტალებსა და ნიუანსებზე ისაუბრო და ეს ჩათვალო სერიოზულ ცვლილებებად.. ის, რაზეც ხშირად საუბრობს „ქართული ოცნება" და სერიოზულ წარმატებად მიიჩნევს, სწორედ ასეთ კატეგორიაში განიხილება. მოდით გავაანალიზოთ ყველა ის სფერო, სადაც საჭირო იყო ძირეული ცვლილებები და ვნახოთ ეს განხორციელდა თუ არა ისინი: ინსტიტუციურად, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში სრული ქაოსია. ისიც ვერ გაგვირკვევია რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ, საპარლამენტოში თუ შერეულში. კანონის უზენაესობა სახელმწიფო დონეზე გარანტირებული არ არის და კვლავ ხშირად ირღვევა, პრობლემებია სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, პროკურატურა ვერ იქცა დამოუკიდებელ ორგანოდ, რომელიც პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალია, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტეგრირება ისევ თვალში საცემია, მედიაზე კონტროლის მცდელობაზეც არ ამბობს ეს ხელისუფლება უარს, ანუ ფაქტიურად ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებად დემოკრატიას უზრუნველყოფს ქვეყანაში კვლავ არ არის გამყარებული და გარანტირებული და სუბიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. მეტიც, ხშირად სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელსაც ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ჩვენ გვჭირდება, რომ ციხეებში პატიმართა უფლებები ინსტიტუციურად იყოს გარანტირებული და არ იყოს დამოკიდებული კეთილ თუ ბოროტ მინისტრზე, გვინდა კონსტიტუცია, კანონის უზენაესობა მართავდეს სახელმწიფოს და არა ვიღაც, თუნდაც ძალიან მდიდარი ადამიანის სურვილი, გვინდა კონსტიტუცია გვერდზე არ გადადოს ხელისუფლებამ და ფეხქვეშ გათელოს, თუ ის მას ხელს უშლის საკუთარი მიზნების განხორციელებაში , გვინდა ადამიანის ღირსება და თავისუფლება ყველა შემთხვევაში იყოს კონსტიტუციურად დაცული და არა შერჩევითად, გვინდა მედია აბსოლუტირად დამოუკიდებელი იყოს და ა.შ. ანუ, რასაც ქვია დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე, ქვეყანაში ჯერ მიღწეული არ არის.
ქვეყნის სიძლიერის საფუძველი სწორედ ეს არის და შემდეგ მას ემყარება ყველაფერი სხვა , რაც აუცილებელია სახელმწიფოში ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით წინსვლა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამიტომ, ასეთი შფასებები, რომ ახლა ნაკლებად გვეშინია, ნაკლებად გვისმენენ, პოლიცია პოლიტიზირებული არ არის, ბიზნესში ისე უხეშად აღარ ერევიან, არაფერს არ ნიშნავს. დასჭირდებათ და ამასაც გააკეთებენ: ქუჩაში გამოხატვის თავისუფლებას არ მოგცემენ, პოლიციაც ერთი ხელის დაქნევაზე პოლიტიზრებული იქნება, მედიაშიც იმ გადაცემებს და სტატიებს მოხსნიან ეთერიდან და გაზეთიდან, რომელიც არ აწყობთ (ამის ფაქტები უკვე გვაქვს), ჩვენს საბანკო ანგარიშებს გულდასმით გაგვიკონტროლებენ და ა.შ., სანამ ეს ყველაფერი ინსტიტუციურად, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვით, ურთიერთშეკავების და გაწონასწორების „ოქროს წესით" არ იქნება გამყარებული.

- ფაქტია, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მხრივ და მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის მაჩვნებელი, ვერ არის სანუგეში. წლის ბოლოსთვის კი ასევე ძნელია პოზიტიური პროგნოზების კეთება. ანუ რა არის ხელისუფლების მთავარი პრობლემა ეკონომიკაში?

მთავარი პრობლემა რა არის? ხედვები. მე ვეთანხმები იმ შეფასებებს, რომ ჩვენ უკან მივდივართ და საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზაზე ან უსარგებლო შესვენებებს ვაკეთებთ, ან საერთოდაც გადავუხვიეთ ამ გზიდან. ხელისუფლება აქცენტს სახელმწიფო კომპანიების განვითარებაზე იღებს, აკლია ინიციატივა, კომპეტენცია, კონტროლი. ბიზნესში ჩაურევლობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ბიზნესმენს სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება არ მოთხოვო და თავი მოატყუებინო, არამედ იმას, რომ ყველას მისცე თანაბარი შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი. ჩვენ კი ისევ ვხედავთ, რომ მონოპოლიებს არავინ ებრძვის, „მსუყე ლუკმები" ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ხვდებათ, ისევ ხელისუფლების, ამჯერად ახალი ხელისუფლების, ნათესავ - ახლობლები „აღმოჩნდნენ" ყველაზე ნიჭიერები და გამჭრიახები ბიზნესში, სახელმწიფო კორუფცია გაიზარდა და ა.შ. ამ ხელისუფლებას სულ „რაღაც" უშლის ხელს წარმატებებს მიაღწიოს ეკონომიკაში, მაგრამ არასოდეს ამბობს სიმართლეს, რომ ეს ხშირად სუბიექტური ფაქტორით, ადამიანური რესურსების არასწორად შერჩევით, უნიათობით და სტრატეგიული ხედვის არარსებობის გამო ხდება.

- რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა ემსგავსება ტრადიციულ საბჭოთა სახელმწიფოს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს გახდეს „მამა" და თავად აკეთოს ყველაფერი. თქვენ თუ ხედავთ იგივეს და რა არის ამის რეალური მიზეზი?

ზემოთაც სწორედ ამას ვამბობდი: საბაზრო ეკონომიკას გადავუხვიეთ-თქო. ბატონი რომანი, ცხადია, ძალიან კომპეტენტურია ამ საკითხებში და მისი შეაფსებები მნიშვნელოვანია. ამასწინათ ქუჩაში ერთ პატარა მონაკვეთზე ზედიზედ ორ აბრას წავაწყდი :"სახელმწიფო სამშენებლო კომპანია". რაღაც მოგვიმრავლდა სახელმწიფო საწარმოები, მაშინ, როცა სსრკ-ს მთელმა 72 წლიანმა ისტორიამ დაგვანახა, რომ სახელმწიფო ვერ იქნება კარგი მენეჯერი და წარმატებას მხოლოდ კერძო მეწარმეობა და ჯანსაღი კონკურენცია „ქმნის". ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს „სახელმწიფო კომპანიები" სახელდახელოდ იმისთვის არ შექმნეს, რომ ტენდერებში გაამარჯვებინონ. ამაში უკვე დევს კორუფციის ელემენტი. ცუდია ეს ტენდენცია.

- თუ არ გადათქვა ბიძინა ივანიშვილის პროგნოზით „მესამე წელი" უნდა იყოს უკეთესი. თქვენ გაქვთ ამის იმედი?
ცხადია, არავის ჯერა, რომ ასე თუ ვიარეთ, ან მესამე ან მეხუთე წელი იქნება უკეთესი.

ჩვენს საზოგადოებას რაღაც უცნაური სენი შეეყარა: მცირედითაც კმაყოფილია. არ შეიძლება ასე! მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ისეთმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს სერიოზულ წინსვლას ეკონომიკაში და დემოკრატიაში, რომ გაგიკვირდება. ჩვენ ორი წელია ადგილს ვტკეპნით და გვიხარია, რომ მიშა წავიდა. მიშას წასვლა საკმარისი არ არის უკეთესი ცხოვრებისთვის. მიშას ხელში რომ ვცხოვრობდით, იმაზე უარესად თუ ვიქენით და წინსვლა არ გვექნა, მაშინ რა აზრი აქვს რიგითი მოქალაქისთვის ხელისუფლების ცვლას? ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თვითონ ახალი ხელისუფლებისთვის აქვს აზრი ცვლილებას, იმიტომ, რომ მან გაიუმჯობესა პირობები, იღებს მაღალ ანაზღაურებას, იწერს გაუგონარ პრემიებს, დაასაქმა ნათესავ-მეგობრები, გაიკეთა ბიზნესები, 50-კაციანი დელეგაციებით დადის საზღვარგარეთ და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობს. ეს არის და ეს.

- გამოსავლი, რა გველოდება წინ და სად შეიძლება აღმოვჩნდეთ „ოცნების" საარჩევნო ციკლის დასრულებისას?

გამოსავალი ყოველთვის არის, ოღონდ საზოგადოება უნდა მომწიფდეს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ასეთი დევიზით ხდებოდა: ოღონდ ეს არ იყოს და ვინც გინდა მოვიდეს. რატომ? რატომ არ შეიძლება დავფიქრდეთ, რომ არსებობს სვლები, როცა ორ მიზანს ერთად აღწევ: ძველსაც უშვებ და ბევრად უკეთესი ახალი ხელისუფლება მოგყავს. 2012 წელს მხოლოდ ის ადამიანები მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებას აკმაყოფილებდა, არ დავფიქრდით იმაზე, რომ პრაქტიკულად არაფერს ვცვლიდით: კვლავ ერთი ადამიანის ხელში თავმოყრილი ძალაუფლება, კვლავ დაუბალანსებელი სახელისუფლებო შტოები და კვლავ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან თავზე ნაცარი წაიყარონ და „ იმ ერთის" ზებუნებრიობა, სიბრძნე და გონიერება აღიარონ. „იმას" არ შეეშლება"!!!! აღმოჩნდა, რომ „იმასაც" ეშლება, რადგან ეს ადამიანების ბუნებრივი მდგომარეობაა. მხოლოდ სისტემაა შეუმცდარი, სისტემა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს ეყრდნობა. ჩვენი პრემიერ - მინისტრის განცხადებას ვუსმენდი, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 2 წელს მიეძღვნა და გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ღვაწლის მოხსენიებით და მისდამი გამოხატული მადლიერებით დაიწყო. არ ვამბობ უმადურები უნდა ვიყოთ-მეთქი, მაგრამ გამოსვლის ასეთმა დასაწყისმა ის „ძველი დრო" გამახსენა და კიდევ ის სახელმწიფოები, სადაც ისევ ბელადებს ეთაყვანებიან... არც იმ „ძველ დროში" დაბრუნება მინდა და არც ისეთ სახელმწიფოებს ვეთაყვანები, სადაც „ბელადომანია" ისევ „მოქმედებაშია"...მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის სურვილიც ესაა.

„ჯი-ეიჩ-ენი", გეგა სილაგავა

ავტორი: . .