დღეს რუსეთის ფედერაციის სათათბირომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან _ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული "სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ" ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.
ეს ხელშეკრულება გასული წლის აპრილში გაფორმდა, პარლამენტში კი ისინი განსახილველად რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა შეიტანა.
შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ფედერაცია "დახმარებას" გაუწევს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დაცვაში, კადრების მომზადებაში და ე.წ. ეროვნული სასაზღვრო სამსახურების მშენებლობაში.
ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციას უფლება ეძლება "ამ რესპუბლიკების საზღვრების დაცვისას გამოიყენოს მათი საზღვარო და სახმელეთო სივრცე". საზღვრის დაცვის ფუნქციას დროებით თავის თავზე რუსეთის ფედერალური სამსახური იღებს.
დოკუმენტში ხაზგასმულია რომ "სახელმწიფო საზღვრების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ".
შეთანხმება 5 წლის ვადით არის გაფორმებული, მათი ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობით.