23 სექტემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ არჩილ ხაბაძემ ბათუმში სტადიონის აშენების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტიდან აჭარის მთავრობა გამოყოფს 750 000 ლარს საფეხბურთო სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტების შესაძენად. აქედან 450 000 ლარი სტადიონის პროექტისთვის და 300 000 ლარი რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის შემუშავებასა და შეძენისთვის.
„მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გავითვალისწინებთ სტადიონის პროექტის მომზადებას. ეს დიდი სიხარული იქნება ფეხბურთის მოყვარულთათვის, რადგანაც ძალიან დიდი მოთხოვნაა სტატიონზე, ვინაიდან უკვე 10 წელია რეგიონს სტადიონი არ აქვს. ამ ეტაპზე სტადიონის მდებარეობისთვის არჩევანი შევაჩერეთ ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტრიტორიაზე. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ჩვენ დავაანონსეთ, რომ ზუგდიდის საავადმყოფოს პროექტი უფასოდ გადმოგვეცემოდა, მაგრამ პროექტი ბათუმისთვის და ამჟამინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიისთვის არ გამოდგა. ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ტერიტორიაზე არსებული ბუნება, ეზოს ცენტრალური ნაწილი. წლის ბოლომდე უკვე გვექნება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი პროექტი. პირობებში ჩავდეთ ისიც, რომ ძველი შენობის ნგრევა და ახლის აშენება პარალელურ რეჟიმში მოხდეს და ეტაპობრივად გადავიდნენ პაციენტები და პერსონალი, ისე, რომ სამკურნალო პროცესი არ შეჩერდეს".- აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
სტადიონის პროექტის შეძენის შემდეგ დადგინდება მისი ღირებულება და გათვალისწინებული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში.