რუსეთისთვის SWIFT-ის მომსახურების შეჩერება საქართველოს მოსახლეობას არ დააზარალებს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აკეთებს. გიორგი ქადაგიძე ამბობს, შესაძლო სანქციების ამოქმედების შემთხვევაში დაზარალდება რუსული საბანკო სისტემა და საქართველოს მოსახლეობა აღნიშნულით არ დაზარალდება.
„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო სანქციების ამოქმედების შემთხვევაში ეს იქნება სერიოზული დარტყმა რუსული საბანკო სისტემისთვის, საქართველოს მოსახლეობა ამით არ დაზარალდება, საქართველოში მოქმედებს ათზე მეტი სწრაფი ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირი, რომლებსაც შეუძლია გზავნილების განხორციელება რუსული საბანკო სისტემის გვერდის ავლით. ეს რაც შეეხება მოსახლეობას, ვინც გზავნილებზე მეტწილად არის დამოკიდებული, ხოლო თუ ვისაუბრებთ ბიზნესზე და საქართველოს ეკონომიკაზე, მოგეხსენებათ, 2006 წლის ემბარგოს შემდეგ პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე", - აცხადებს გიორგი ქადაგიძე და დასძენს, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით მშვიდად იყოს.
როგორც ცოტახნის უკან გახდა ცნობილი, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში შესაძლოა რუსეთს SWIFT-ის მომსახურება შეუჩერდეს.
"ამით რომ დაეწყოთ, დღეს ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ამ დაგვიანებულმა ნაბიჯებმა თავისთავად გამოავლინა დასავლეთის ქვეყნებისა და მათი ინსტიტუტების სისუსტეები საერთაშორისო საფრთხეების პრევენციის კუთხით",- აცხადებს გაზეთ "პრემიერთან" საუბრისას ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, რომან გოცირიძე. გოცირიძის განმარტებით, რუსეთმა პირველად იგრძნო იმის საფრთხე, რომ მართლაც შეიძლება უფრო მძიმე ზომებს მიმართოს დასავლეთმა. გოცირიძის თქმით, რუსეთი სვიფტის გათიშვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს...
გოცირიძის ინფორმაციითვე, რუსეთმა SWIFT-ის ალტერნატივაზე ფიქრი უკვე დაიწყო და რუსული ბანკები ანგარიშებს ჩინეთის, ჰონგ-კონგის, სინგაპურისა და აზიის სხვა ბანკებში ხსნიან.
როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, SWIFT-ის გათიშვის შემთხვევაში, რუსეთის გარდა სერიოზული პრობლემების წინაშე საქართველოც აღმოჩნდება. "რუსეთიდან მხოლოდ მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. მარტო რუსეთიდან მიღებული ვალუტა უფრო მეტია, ვიდრე მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციები ერთად აღებული. ეს თანხა შემოდის როგორც საბანკო გადარიცხვების, ასევე სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის მეშვეობით. იქ, სადაც სვიფტის იაფი სისტემა გამოიყენებოდა, იძულებული გახდებიან უფრო ძვირადღირებულს მიმართონ. შეფერხებები აუცილებლად იქნება სატრანსფერო ოპერაციების დიდი რაოდენობისა და თანხის დიდი მოცულობის გამო. კვლავ ამოქმედდება ფულის ჯიბით გადმოტანის სისტემა, რაც საბანკო სფეროსაც დააზარალებს. ლარის სტაბილურობასაც საფრთხე შეექმნება",- ამბობს გოცირიძე.