შსს ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციის "ამნესტი ინტერნეიშენელის" ანგარიშს ეხმეურება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მერაბიშვილის უწყებამ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არასდროს და არანაირი აღჭურვილობა გერმანიისგან არ შეუძენია. გერმანული წარმოების ერთადერთი მსუბუქი მანქანებია სამინისტროს ბალანსზე და ისინიც შეძენილია "ფორცვაგენის" ადგილობრივ, ოფიციალურ წარმომადგენლობებში. მსგავსი ბუნდოვანი ჩანაწერია ჩეხეთის ექსპორტზეც.
ანგარიშში ასევე მოყვანილია მოკლე ციტატა ნოვაკის (გაეროს სპეციალური მომხსენებელი) 2005 წლის ანგარიშიდან, რომელიც ა) არ არის ამ ანგარიშიდან და ბ) ეხება 2005 წლამდე წამების პრეცედენტებს. (ხოლო ამ ანგარიშის სრული ციტატაში, რომელიც "ამნესტი ინტერნეიშენალის" ანგარიშში ვერ მოხვდა გაეროს სპეციალური მომხსენებელი მიუთითებს, რომ წამების შემთხვევები ჯერ ისევ არის (2004-2005 წწ), თუმცა ის მიესალმება მთელ რიგ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც 2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუციის შემდგომ განხორციელდა და მიმართულია წამების აღმოფხვრისაკენ. იგი აგრეთვე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას მისი რეკომენდაციების უმრავლესობის უკვე შესრულებისთვის.)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ითანამშრომლებს "ამნესტი ინთერნეიშენალთან" და ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის, რათა ანგარიშში დაშვებული უზუსტობა გასწორდეს, რომელიც ვიმედოვნებთ მექანიკური ხასიათისაა და ამისგან არავინაა დაზღვეული, როცა საქმე ასეთ ვრცელ მასალას ეხება.
საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებით დაძლია პოლიციაში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში წამება, არც თუ შორეულ წარსულში ძალიან გავრცელებული მახინჯი და არაჰუმანური პრაქტიკა (საქართველოს მიერ წამების, როგორც სისტემური პრობლემების აღმოფხვრა აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების, ქართველი ყოფილი და არსებული სახალხო დამცველების მიერ და ეს პოლიციის რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად არის შეფასებული) იზიარებს ევროკავშირის სურვილს აკონტროლოს ისეთი აღჭურვილობის ექსპორტი/იმპორტი, რომელიც შესაძლებელია არამართზომიერად გამოყენების შემთხვევაში იქცეს წამების იარაღად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ძალიან ბევრ ისეთ აღჭურვილობას, რომელიც ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებში სამართალდამცავების მიერ ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოიყენება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ პოლიციური აღჭურვილობის გამოყენება, რომელიც გააჩნია, იქნება ეს ტაბელური იარაღი, ხელბორკილი თუ ხელკეტი, მკაცრად რეგულირდება და მუდმივ კონტროლს ექვემდებარება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნაშენალმა" გამოაქვეყნა 2010 წლის ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ევროკავშირის 2006 წლის განკარგულების შესრულების ხარისხს.
ამ განკარგულებით ევროკავშირის ქვეყნებს შეეზღუდათ გარკვეული ტიპის აღჭურვილობის ექსპორტი, თუმცა არ იზღუდება ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ იგივე აღჭურვილობის გამოყენება.
აღნიშნულ ანგარიშში საუბარია სამართლებრივ ხარვეზებზე, რომელიც დღემდე აძლევს შესაძლებლობას ქვეყნებს განახორციელონ ექსპორტი და მოყვანილია შესაბამისი მაგალითები. ანგარიშში ორჯერ არის ნახსენები საქართველოც, როგორც ქვეყანა, რომელთან მიმართებაშიც სავარაუდოდ ევროკავშირის ორმა წევრმა სახელმწიფომ გვერდი აუარა ევროკავშირის განკარგულებას.
"საქართველოსთან მიმართებაში ანგარიში მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლება და გარდა იმისა, რომ ბუნდოვანია, შეიცავს შეცდომებს. ანგარიში დაუდასტურებელ წყაროზე დაყრდნობით მიუთითებს, თითქოს გერმანულმა კომპანიამ კანონის დარღვევით პოლიციური ელექტროშოკის მიყიდვა რამდენიმე ქვეყნისთვის განახორციელა. ანგარიშში მითითებული ინტერნეტ წყარო არ იძებნება და შესაბამისად, შეუძლებელია კონკრეტული ეჭვის (თუ ასეთი არსებობს) შესწავლა და პასუხის გაცემა. შესაბამისად, შეუძლებელია წყაროს ვალდებულებას დადასტურებაც", აცხადებენ საქართველოს შსს-ში.