ოპოზიციური მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერის ბორის ნემცოვის შეფასებით, მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი თავისი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენებს.
ამის შესახებ ნემცოვმა "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა.
"ქვეყანაში არანაირი ანტიტერორისტული ოპერაციები არ არსებობს. გადახედეთ პუტინის პოლიტიკას თუნდაც 2004 წელიდან. ინვესტიციები, გზები - ეს ყველაფერი სისულელეა, იმათთვის ვისაც მხოლოდ სიტყვების სჯერა. მომხდარ ტერორისტული აქტები კი პუტინი ხელისუფლების გაძლიერებით, მეტი მონოპოლიით, ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერებით და ცენზურით მთავრდება. ეს ყველაფერი პუტინის ანგარიშზეა", - განაცხადა ნემცოვმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა. ტერაქტს 40-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილების გარდა 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.