საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიგა ბოკერიას შეფასებით, რუსეთის ხისიტი და აგრესიული პოზიცია ქართული მხარის პოზიციას ვერასდროს ვერ შეცვლის.
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-10 რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"რუსეთის აგრესიულმა, ხისტმა და ასეთი ნეგატიურმა დამოკიდებულებამ არ უნდა შეცვალოს და ვერც შეცვლის ჩვენს პოზიციას. ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების განხილვას სწორედ ასეთ ტრიბუნასთან და ასეთ კონტექსტში გავაგრძელებთ", - განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, ქართველი დიპლომატის შეფასებით, ქართული მხარის ინტერესებში შედის, რომ ამ თუნდაც დროებით უშედეგო დისკუსიას მოსკოვთან ამ ეტაპზე არა მარტო ისმენდეს და აკვირდებოდეს საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ის მედიატორის როლსაც თამაშობდეს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-10 რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მხარეები შეთანხმდენენ, რომ მორიგი შეხვედრა ჟენევაში 8 ივნისს გაიმართება.