დღეს, 31 მარტს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს ეწვევიან.
ცალკეულ ძეგლთა რეაბილიტაციის პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეაბილიტაციას იწყებს. ტურისტურლი სეზონის დადგომამდე აჭარაში გონიოსა და პეტრას მუზეუმ-ნაკრძალების რეაბილიტაცია დაიწყება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგეტოს ორგანიზებით შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიხედვით ზაფხულის პერიოდში მუზეუმის ტერიტორიაზე საზაფხულო სკოლა იფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები აჭარის რეგიონის უძველეს ისტორიას გაეცნობიან.
ბათუმში მინისტრის ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო "შერატონში" გაიმართება პრესკონფერენცია, მოეწყობა პროექტის - "კულტურის სეზონი აჭარაში'' პრეზენტაცია. საუბარი იქნება მომავალ ღონისძიებებზე, რომლებიც ზაფხულის სეზონზე აჭარაში გაიმართება.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი დაესწრება ჭიდაობის ტურნირს ჭაბუკთა შორის რეგიონალურ პირველობაში, რომელიც ბათუმის სპორტულ სკოლაში მოეწყობა.
ხელოვნების უნივერსიტეტში, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან და პედაგოგებთან. ბათუმის მთავარ ბიბლიოთეკას 1000 ცალი წიგნი გადაეცემა.
რურუა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ბორის კუტინთან (სლოვენია) ერთად, მოინახულებს ჭადრაკის სასახლეს, სადაც სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს.
19 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით კი დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 8-იდან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.