სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბიზნეს სექტორის ზრდაზე და გააქტიურებაზე მიუთითებს ბრუნვის, გამოშვებული პროდუქციის და დასაქმების ზრდის მაჩვენებლები, 2014 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, წინა პერიოდთან (პირველი კვარტალი) და ქვეყნის დონეზე გაანგარიშებულ შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.
2014 წლის II კვარტალში, 2013 წლის II კვარტალთან შედარებით, ბიზნესის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა 12.6 %-ით და 684.0 მლნ. ლარი შეადგინა. ბრუნვის რეგიონული მაჩვენებლის ზრდის ტემპი ახლოს დგას ქვეყნის დონეზე გაანგარიშებულ ანალოგიურ მაჩვენებელთან. ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულებამ 2014 წლის II კვარტალში შეადგინა 448.9 მლნ. ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 28.1%-ით, ხოლო ქვეყნის დონეზე აღნიშნული მაჩვენებლის ზრდის ტემპი 10.7%-ია. ბიზნესის სოციალურმა ბარომეტრმა - დასაქმებულთა რაოდენობამ 1.8%-ით იმატა 2014 წლის II კვარტალში, 2013 წლის II კვარტალთან შედარებით.
ანალოგიურად, ზრდა ფიქსირდება 2014 წლის I ნახევრის (6 თვე) მაჩვენებლების მიხედვით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. კერძოდ, ბრუნვის მოცულობა 18.2%-ით, პროდუქციის გამოშვება 23.3%-ით, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 3.8%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თანმიმდევრული კვარტალის განმავლობაში, აჭარის რეგიონს მეორე პოზიცია ეკავა ქვეყნის მთლიან მაჩვენებელში გამოშვებული პროდუქციის წილის მიხედვით, ხოლო 2014 წლის II კვარტალში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.
ბიზნეს სექტორის ძირითადი მაჩვენებლების გარდა, ასევე ზრდადი ტრენდი ფიქსირდება სექტორის შეფასების სხვა მაჩვენებლებშიც (ინვესტიციები ფიქსირებულ კაპიტალში, დაქირავებულთა რაოდენობა, შრომითი დანახარჯები და სხვა).
ბიზნეს სექტორის აქტივობის ზრდის პარალელურად, შეინიშნება საბანკო სექტორის მიერ რეგიონის ეკონომიკის დაკრედიტების მატების ტენდენცია. სახელდობრ, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) მონაცემების მიხედვით, რეგიონში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის სექტორებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპმა, 2014 წლის II კვარტალში წინა პერიოდთან შედარებით, შეადგინა 48.9%.