ოს სეპარატისტებს კანონში ცვლილებები შეაქვთ, რომელთა მიხედვითაც ნარკოტიკების გავრცელებისა და ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო სასჯელი მკაცრდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ამ საკითხებს მიეძღვნა დღეს ოს სეპარატისტთა ლიდერთან ედუარდ კოკოითთან გამართული თათბირი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრმა აცამაზ ბიჩეროვმა თათბირზე განმარტა, რომ ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით საკონდიტრო ყაყაჩოს (სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ყველაზე უფრო გავრცელებული ნედლეული ნარკოტიკების მოსამზადებლად) უკანონო ბრუნვისათვის თავდაპირველად ადმინისტრაციული სასჯელია დაწესებული, დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ედუარდ კოკოითმა ამ დანაშაულისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დაწესების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ამ დანაშაულისათვის ადმინისტრაციული სასჯელი არ უნდა არსებობდეს. კოკოითის ე.წ. განკარგულებით კანონპროექტი ერთ კვირაში უნდა მომზადდეს.
ამავე დროს სასჯელი მკაცრდება ასევე ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. ამჟამად მოქმედი კანონით, პირველი დაკავებისას ჯარიმა 30 ათას რუსულ რუბლს შეადგენს, მეორედ ამ დანაშაულის განმეორებისას კი თავისუფლების აღკვეთა და მძღოლის უფლებების ჩამორთმევაა გათვალისწინებული. თათბირზე გადაწყდა, რომ პირველი დაკავების დროს ჯარიმა 50 ათას რუსულ რუბლამდე გაიზარდა.