10 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებთან, რომლის მიზანია, მათთვის საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის (PFMS) გაცნობა.
შეხვედრა გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, სტეფან ჰაიკინმა.
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის მიხედვით, 2015 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ანგარიშები გაიხსნება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და მათი მართვა განხორციელდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მეშვეობით.
აღნიშნული რეფორმის მიზანია, ყველა დონის ბიუჯეტების ოპერაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება.
ფინანსთა სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებზე და ასევე, სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის მოდულებზე, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივი ბიუჯეტების საფინანსო სამსახურები განახორციელებენ საბიუჯეტო ოპერაციებს.
დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის, სახაზინო სამსახურისა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლებმა მოახდინეს აღნიშნული საინფორმაციო სისტემის მოდულების დემონსტრირება.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონალური განვითარების კომიტეტის წარმომადგენლებმა.
მასალის გამოყენების პირობები