Batumi Tower -ში 110 ნომერზე გათვლილი სასტუმრო განთავსდება, ამისათვის კი ორ თვეში შენობას გასაყიდად აუქციონზე გამოიტანენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, შპს „ბათუმი თაუერის" საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ინვესტორთან განზრახულობათა ოქმი უკვე გაფორმებულია.
„შპს „ბათუმი თაუერის" საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ამ წუთში რამდენიმე ინვესტორთან გაფორმებულია განზრახულობათა ოქმი, რომ ობიექტი მომზადდება აუქციონზე გამოსატანად. შესაბამისად პირობები საკმაოდ ნორმალურია. ინვესტორები გვთავაზობენ, როგორც საპრივატიზაციო საფასურს, ასევე ინვესტიციების განხორციელებას, იმ შემთხვევაში თუ წარმატებით დასრულდა ყველა ეს მოლაპარაკება ჩვენ სავარაუდოდ 1,5-2 წელიწადში 110 ნომრიან ახალ სასტუმროს მივიღებთ, რომელიც ბათუმის და ზოგადადა ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას შეემატება"- აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
მისივე განმარტებით, ვინაიდან Batumi Tower-ით დაინტერესებული ინვესტორები არიან მსხვილი საინვესტიციო კომპანიები, მათთვის უფრო კომფორტულია, როდესაც ქონებაზე თავიანთი მოთხოვნა აქვთ დაფიქსირებული და სახელმწიფო მზადაა, რომ ეს ქონება აუქციონზე გაიტანოს.
„ამ ეტაპზე ისინი სწვენ ხარჯებს, სწავლობენ შენობას და მის არქიტექტურას და პროექტის გადაკეთების შესაძლებლობას. ისინი, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამის შემდეგ სახელმწიფო ქონებას აუქციონზე გამოიტანს, სწორედ ამიტომ დგება განზრახულობათა ოქმი", - აცხადებს ქუმსიშვილი.
ცოტა ხნის უკან Batumi Tower-ით, დაინტერესებული იყო "მარიოტიც", რომელსაც შენობაში MOXY-ის ბრენდის სასტუმროს განთავსება სურდა, თუმცა საბოლოოდ ინვესტორს საქმე ბოლომდე აღარ მიუყვანია.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ „ბათუმი თაუერში" 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდებოდა. თავის დროზე რომ „ბათუმი თაუერში" ტექნოლოგიური უნივერისიტეტის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროექტი აღარ განხორციელდა.
შენობა ამ დროისათვის, შპს „ბათუმი თაუერის" ბალანსზეა, რომლის დამფუძნებელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. შენობის ასაშენებლად 78 მლნ ლარი უკვე დახარჯულია და მშენებლობის დასასრულებლად მშენებელ კომპანიას 6 მილიონიანი ვალდებულება აქვს, თუმცა, როგორც აჭარის მთავრობის მეთაურის მიერ 2013 წლის ივლისში გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, მშენებლობის სრული დასრულებისთვის დამატებით კიდევ 6 მლნ ლარი გახდება საჭირო, რომელიც შესაძლოა მოიჯარე ინვესტორის ვალდებულებად განისაზღვროს, ან აჭარის მთავრობამ გამოყოს