მთავრობა მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას გეგმავს და ამ მიზნით ახალი პროგრამის განხორციელებას იწყება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, რეგიონული ბაზრების განვითარება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, მიკრო-ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში.
პროგრამის ოფიციალურად გახსნილად გამოცხადებამდე, მთავრობამ ის ორგანიზაციები უნდა შეარჩიოს, ვინც პროგრამის მიმდინარეობას ადმინისტრირებას გაუწევს. სწორედ ამიტომ სამიზნე რეგიონები დაყოფილია 4 ლოტად რეგიონების მიხედვით. ლოტის მიხედვით, პროგრამის იმპლემენტაცია შეიძლება განახორციელოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა (ორგანიზაცია), გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა.
ერთი და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს საპროექტო წინადადება არაუმეტეს ორ ლოტზე, ხოლო ერთ ლოტზე დაშვებულია ორი ან მეტი ორგანიზაციის (ორგანიზაციათა ჯგუფის) მონაწილეობა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა განმარტა, პროგრამის განხორციელების შედეგად, მოსალოდნელია რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა, რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრება, რეგიონალური პროდუქციის დივერსიფიკაცია და სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახის სარგებელი რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის მატებისა და განვითარებისათვის.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის გიორგი ციკოლიას თქმით, პროგრამის განხორციელების ვადა 26 თვეა, მისი დაწყება 10 ოქტომბრიდან იგეგმება. პროგრამა გათვლილია რეგიონის მოსახლეობაზე (თბილისის გარდა) და ითვალისწინებს მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის (3,315,300 ადამიანი) პროპორციულად (პროგრამის საერთო ბიუჯეტია 20 მლნ ლარია).
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5000 ლარია ერთ მეწარმეზე, რაც მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 (თხუთმეტი ათას) ლარს შეადგენს. მეწარმე სუბიექტის ან სუბიექტთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-ისა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარება ტრენინგების, სტაჟირებების და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.