საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტრანსპარენტულობის გაზრდისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mof.ge, დღეიდან ხელმისაწვდომია მასალები, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ვალის სტატისტიკას, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და მათი მხარდაჭერის კოორდინაციის კუთხით არსებულ ვითარებას.
საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს „სახელმწიფო ვალის სტატისტიკურ ბიულეტენს", რომელიც მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: სახელმწიფო საგარეო სესხები; ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან აღებული სესხები; უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები; ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები; ეროვნული ბანკის მიმართ ვალი; სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხები.
გარდა ამისა, ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაციები „სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული დონორების მხარდაჭერით დაფინანსებული პროგრამების და პროექტების", აგრეთვე „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსების" შესახებ.
მასალები განთავსებულია აღნიშნულ ბმულზე: http://www.mof.ge/DebtFinance
იმედია, აღნიშნული სიახლე საზოგადოებას დაეხმარება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ და დეტალურად გაეცნოს, რა პრიორიტეტულ მიმართულებებზე იხარჯება უცხოური წყაროებიდან მიღებული ფინანსური რესურსი.
ფინანსთა სამინისტრო მოხარული იქნება საზოგადოების მხრიდან მიიღოს რეკომენდაციები დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციის განთავსების შესახებ.