სასტუმრო „შერატონი"პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში უცხოური (ჩეხეთი, უკრაინა, თურქეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, უნგრეთი, ბელორუსია) და ადგილობრივი კომპანიები ღებულობენ მონაწილოებას. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა.
პრეზენტაციებით უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონში მოქმედი 6 კომპანიის წარმომადგენელი წარსდგება.
უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და საპრივატიზაციო პროექტებს გაეცნობიან. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდება.
ფორუმს აჭარის მთავრობის თვამჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშილი,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პერტაია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ესწრებიან.
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი აჭარის რეგიონში პირველად ტარდება. ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წელსაც ჩატარდება.
„დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველო ახალ ფაზაში შედის და საინვესტიციო გარემოს უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ფორუმი ხელს შეუწყობს ბიზნესმენების და ინვესტორების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნითა და რეგიონით. მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართება, სადაც მოხდება ჩვენი საინვესტიციო გარემოს, პირობებისა და პოტენციალის პრეზენტირება. დაგეგმილი გვაქვს ვიზიტები მეზობელ ქვეყნებშიც,"- აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.