კომპანია „თეგეტა მოტორსი" აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მოხდა საზოგადოების არასწორი ინფორმირება, და ტექნიკური შეცდომის გამო, კომპანია „თეგეტა მოტორსი" უსაფუძვლოდ იქნა დადანაშაულებული ქალაქ ქუთაისის ავტობუსებზე დასაქმებული მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით.
შპს „თეგეტა მოტორსი ქუთაისი", რომელმაც 2007 წელს გაიმარჯვა ტენდერში და აიღო ვალდებულება განეახლებინა ქუთაისის ავტოპარკი, წარმოადგენს არა „თეგეტა მოტორსის" ქუთაისის ფილიალს, როგორც ის მოხსნიებული იყო მედიაში, არამედ ცალკე დამოუკიდებელ იურიდიულ პირს - „თეგეტა მოტორსის" შვილობილ კომპანიას. აღნიშნულმა კომპანიამ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კომპანიას ჯერ კიდევ 2007-2010 წლებში აქვს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, რაც მათ შორის გულისხმობდა ავტოპარკის განახლებას, რომლისთვისაც კომპანიამ დახარჯა 700 000 ლარზე მეტი და თეთრი ბოგდანის ტიპის უახლესი ავტობუსები შეიძინა. ამას ადასტურებს ქ. ქუთაისის მერის, ბესიკ ბრეგაძის ოფიციალური წერილიც დათარიღებული 07.11.2012-ით.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ 2007 წელს ჩაიბარა სავალალო მდგომარეობაში მყოფი ავტოპარკი, რომლის განახლებაზეც დახარჯა 700 000 ლარი, ასევე, ავტოპარკის მიმდინარე საექსპლოატაციო სარემონტო სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრში განახორციელა 1 300 000 ლარის ინვესტიცია.
აღსანიშნავია, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ შპს „თეგეტა მოტორსი ქუთაისის" მძღოლები არ გაფიცულან და აგრძელებდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. გაფიცული მძღოლები კი წარმოადგენდნენ შპს „სითი ლაინის" თანამშრომლებს, რომელსაც, თავის მხრივ არანაირი ვალდებულება არ აქვს აღებული. შესაბამისად, არასამართლიანია გაფიცული მძღოლების პრეტენზიები ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ადასტურებს ქ. ქუთაისის მერის ბრძანება, სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის შესახებ. ამასთან, შპს „სითი ლაინი"
წარმოადგენს შპს „თეგეტა მოტორსი ქუთაისის" შვილობილ კომპანიას და დაკავებულია სხვა საქმიანობით.
კომპანია „თეგეტა მოტორსი" შვილობილ კომპანიებთან ერთად ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება პარტნიორებთან და კლიენტებთან აღებულ ვალდებულებებს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, 2007 წლიდან 2014 წლამდე შპს „თეგეტა მოტორსი ქუთაისი" უზრუნველყოფს ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას, მიუხედავად საოპერაციო ზარალისა, თავად კომპანიის მხრიდან სუბსიდირების ხარჯზე.
ბიზნეს ჯგუფისთვის, რომელსაც 18 წლიანი წარმატებული ისტორია აქვს, მნიშვნელოვანია კორპორატიული ღირებულება, გამჭვირვალობა და სანდოობა. ჩვენთვის, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სოციალურ პასუხისმგებლობას სპონსორობას და ქველმოქმედებას. კომპანია პერიოდულად მხარს უჭერს საზოგადოებისთვის პრობლემატურ და ღირებულ პროექტებს, ეხმარება საზოგადოების სოციალურად დაუცველ წევრებს. აქვე გამოვყოფთ შპს „თეგეტა მოტორსი ქუთაისის" მიერ განხორციელებულ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს, მათ შორის, სოციალურად დაუცველი პირების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსება 100 000 ლარის ფარგლებში. ასევე, ავტოსაინჟინრო ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტების დაფინანსებას და მათთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფას 5 წლის განმავლობაში.
„თეგეტა მოტორსი" და მისი შვილობილი კომპანიები მზად არიან ითანამშრომლონ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტთან და სხვა საქალაქო უწყებებთან. თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანია ხელს შეუწყობს მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნას ქალაქ ქუთაისში.