საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე უმწეოთა შეფასებით კრიტერიუმების გამარტივების პროექტს დაამტკიცებს.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსნადრე კვიტაშვილმა განუცხადა, სიღარიბის მეთოდოლოგია ძირეულად იცვლება.
"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების გამოკველვისას პრიორიტეტი თემს, სოფელს, ადგილობრივ მოუნიციპალიტეტებს მიენიჭება და არა იმ ნივთებს, რომლებიც მათ სახლშია, მაგალითად ფარდებს", - განაცხადა კვიტაშვილმა.
მისივე განმარტებით, უმწეოთა შეფასების კრიტერიუმების გამარტივება შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის ზრდას არ გამოიწვევს.
"უნდა ვივარაუდოთ, რომ ამით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა არ გაიზრდება, უბრალოდ სიების კორექცია მოხდება", - განმარტა კვიტაშვილმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ" კანონპროექტი გასულ კვირას საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს.
მთავრობის სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში ამ წუთებში იწყება. აღნიშნულის გარდა მინისტრთა კაბინეტს 41 საკითხი აქვს განსახილველი.