ENG / RUS       12+

მიხეილ სვიმონიშვილი : ომი აღმოსავლეთში მხოლოდ ახლა იწყება. უკრაინა ევროპამ და ამერიკამ მიატოვა

რესპოდენტის შესახებ

ინტერვიუ მიხეილ სვიმონიშვილთან, რომელსაც თავისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება სურს და ამბობს, რომ უკრაინა ევროპამ და ამერიკამ მიატოვა

შვეიცარიულ გაზეთ «Basler Zeitung-ში (იბეჭდება ქალაქ ბაზელში) გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში საქართველოს სოფლის მეურნების ექს-მინისტრი, გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის ექს-რწმუნებული მიხეილ სვიმონიშვილი საუბრობს უკრაინის დრამატულ მოვლენებზე, რუსეთის დესტრუქციულ როლზე, საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ნატოში გაწევრიანებაზე...
გთავაზობთ ამონარიდებს:
შეკითხვა: დასავლეთში, მაგალითად, გერმანიაში, ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისია საჭირო. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინის მოვლენები რუსეთის რეაქციაა ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაზე?
მიხეილ სვიმონიშვილი: 2008 წელს მსოფლიო ფიქრობდა, რომ [სამხრეთ ოსეთში] სამხედრო მოქმედება საქართველომ დაიწყო. ეს რომ სიმართლე არაა, უკრაინის მოვლენებმაც დაადასტურა. ისევე როგორც ჩვენთან, უკრაინაშიც რუსეთი საბაბს ეძებდა თავდასხმისათვის. ჩვენი არმია მრავალრიცხოვანი არ იყო, ამიტომაც სულელები უნდა ვყოფილიყავით, რომ რუსეთთან კონფლიქტი დაგვეწყო. მიმაჩნია, რომ შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის მოხსენება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს [თითქოსდა შეტევა საქართველომ დაიწყოო], არასწორია. ამ მოხსენებით ევროკავშირმა მხოლოდ თავი გაიმართლა რუსეთის წინაშე.
შეკითხვა: დღეს საქართველოს ორი ავტონომიური რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თბილისს აღარ ექვემდებარება, მოსკოვმა ორივე დამოუკიდებლად აღიარა. ფაქტიურად ისინი რუსეთის სატელიტები არიან. როგორ მიგაჩნიათ, საქართველოს უახლოეს მომავალში შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
მიხეილ სვიმონიშვილი: ამ პრობლემაზე მოლაპარაკება უკვე 5 წელია ჟენევაში მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე შედეგი არ არის. სამხედრო გზით, რასაკვირველია, ჩვენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ვერ დავიბრუნებთ, თუმცა დიპლომატიურად გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ: რუსეთის მხრიდან აღიარების მიუხედავად, ნიკარაგუისა და ვენესუელის გარდა, აფხაზ და ოს სეპარატისტებს სხვა სახელმწიფოები დამოუკიდებლად არ სცნობენ. ჩვენ ამ ავტონომიებს პოლიტიკური და ეკონომიკური ძალისხმევით დავიბრუნებთ. მათთვის საქართველოში ყოფნა უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე რუსეთზე დამოკიდებულება.
შეკითხვა: რუსეთმა საქართველოს კონფლიქტის დროს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რუსეთის ბაზაზრზე ქართული ღვინო აღარ შედიოდა. რა ზიანი მიაყენა ემბარგომ ქართულ ეკონომიკას?
მიხეილ სვიმონიშვილი: ეკონომიკურად დღეს ჩვენ რუსეთზე დამოკიდებულნი აღარ ვართ. შეიძლება ითქვას, რომ რუსული ემბარგო ჩვენ ახალი ბაზრების ძიებაში დაგვეხმარა. მართალია, უკვე წელიწადნახევარია, რაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო კვლავ შედის, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობა მიხვდა - საქართველოს მუხლებზე ვერ დააჩოქებს. რაც შეეხება ენერგოშემცველების იმპორტს, ამ შემთხვევაშიც, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო რუსეთზე დამოკიდებული აღარ არის - ბუნებრივ გაზს ჩვენ აზერბაიჯანისაგან ვღებულობთ. რადგანაც გაზსადენი საქართველოზე გადის, ჩვენ აზერბაიჯანული საექსპორტო გაზის 5%-ს ვღებულობთ ტრანზიტის გამო.
შეკითხვა: თქვენს ქვეყანას ნატოში და ევროკავშირში გაწეევრიანება სურს. როგორ რეაგირებს ამაზე რუსეთი?
მიხეილ სვიმონიშვილი: ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რუსეთმა ეს ცნობად მიიღო. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. ვფიქრობთ, რომ საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით ევროპის ნაწილია. რადგან ნატო დამოუკიდებლობის დაცვაში მხარს გვიჭერს, რასაკვირველია, ჩვენ მასში გაწევრიანება გვსურს. უკეთესია ეს დღეს მოხდეს, ვიდრე ხვალ. ცხადია, თვითონ ნატო გადაწყვეტს, სურს თუ არა მას ჩვენი მიღება. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენთვის, ვფიქრობ, რომ შვეიცარიის მოდელი უფრო მისაღებია, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება.
შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, გერმანელები და ფრანგები იბრძოლებენ საქართველოს თავისუფლებისათვის?
მიხეილ სვიმონიშვილი: ამის პროგნოზირება არავის შეუძლია, მე ერთში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ჯერ კარგად დაფიქრდება, სანამ ნატოს წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმება. ამიტომაც ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს.
შეკითხვა: როგორი სიტუაციაა დღეს კავკასიაში? აქვს თუ არა კარგი ურთიერთობა საქართველოს თავის მეზობლებთან?
მიხეილ სვიმონიშვილი: კავკასიაში კვლავ კონფლიქტური სიტუაციაა, უპირველესად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც უკვე რამდენიმე ათეული წელია ერთმანეთს მთიანი ყარაბაღისთვის ებრძვიან, თანაც აქ ერთი საინტრეესო მომენტი იკვეთება: ღარიბი სომხეთი მთლიანად რუსულ დახმარებაზეა დამოკიდებული, აზერბაიჯანი კი ნავთობითა და გაზითაა მდიდარი. ბაქოს აქვს გეგმები, რომ თავისი გაზი მილსადენ „ნაბუკოს" მეშვეობით, ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით, თურქეთის ტერიტორიით გაიტანოს. რუსეთს, ბუნებრივია, კონკურენტი არ სურს, რადგან ევროპას ფასებს ვეღარ უკარნახებს, [ამიტომაც გაზსადენის პროექტის რეალიზებას ხელს უშლის]. საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს სამივე მეზობელთან - როგორც სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან.
შეკითხვა: თქვენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობდით, 2004 წლიდან. ცხრა წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ბევრი ქართველი საყვედურობს იმის გამო, რომ იგი ქვეყანას უფრო ავტორიტარული სტილით მართავდა, ვიდრე მისი წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც თავის დროზე თვითონ სააკაშვილიც იმავე მიზეზით აკრიტიკებდა. როგორ მიგაჩნიათ დღევანდელი გადასახედიდან მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა?
მიხეილ სვიმონიშვილი:
მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ მისი წარმატებების სია უფრო გრძელია: საქართველო ამჟამად სამართლებრივი სახელმწიფოა, რაც ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე გამონაკლისს წარმოადგენს. კორუფცია ფაქტიურად აღარ არის, ჩვენმა ბანკებმა 2008 წლის ფინანსური კრიზისი ზარალის გარეშე გადაიტანეს და ეს მაშინ, როცა ჩვენთან ომი იყო. სახელმწიფო სტრუქტურები ნორმალურად მუშაობენ: 2013 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა, ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოუდგენელია. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამჟამად ძალიან კარგია: მართალია, ნავთობი და გაზი არ გვაქვს, სამაგიეროდ საზღვარგარეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაგვაქვს, კონცენტრატები და სხვა ნედლეული. რასაკვირველია, საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ადამიანებს წინ მრავალრიცხოვანი ინოვაციური შესაძლებლობები ელოდებათ.

ავტორი: . .