საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანზიებით საქპატენტის ხელმძღვანელსა და ინოვაციების ბანაკის მონაწილეებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 27 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 17:00 საათზე გაიამართება.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე და საქპატენტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ გოგილიძე შეხვდებიან გუნდებს, რომლებმაც უკვე შექმნეს საკუთარი ინოვაციური პროდუქტის პირველადი პროტოტიპები და ეძებენ მათ პატენტუნარიან პროდუქტად ქცევის გზებს.
ნიკოლოზ გოგილიძე მონაწილეებს გააცნობს დაპატენტების პროცედურას, გასცემს პასუხს მათთვის საინტერესო კითხვებს და განიხილავს ბანაკის განმავლობაში შექმნილი პროტოტიპების პატენტუნარიან პროდუქტად ქცევის საკითხებს.
"ეს შეხვედრა იქნება პირველი ნაბიჯი იმ გრძელვადიანი თანამშრომლობისა, რომელიც დააკავშირებს საქპატენტს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ისეთ პროცესში, როგორიცაა ქვეყნის კონკურენტურნარიანი, ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციური პროდუქტის წარმოების გზით საქართველოს ეკონომიკის განვითარება," - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ 16-დან 21 აგვისტოს ჩათვლით, 16-დან 23 წლამდე ასაკის 32-მა ნიჭიერმა ახალგაზრდამ 7 ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპი შექმნა.
პროცესის განმავლობაში, მათ მენტორობას უწევდნენ ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები, რომლებიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სპეციალურად ინოვაციების ბანაკისთვის იყვნენ მოწვეულნი. მენტორები გუნდებს კონსულტაციას უწევდნენ როგორც ტექნიკურ, ისე ბიზნეს საკითხებში და ეხმარებოდნენ მათ საკუთარი პროდუქტის ქართული და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებაში. სააგენტოს შესახებ: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს კოორდინირების და მედიატორის მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.