ENG / RUS       12+

რომან გოცირიძე: მუდისის რეიტინგი კარგია, მაგრამ ბიუჯეტი რომ ვერ იგეგმება ვალებით შევსების გარეშე, ცუდია

რესპოდენტის შესახებ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, მუდისმა საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა და სამომავლო ტენდენცია „სტაბილური" შეცვალა „პოზიტიურით."თ უ რას ნიშნავს ეს და რატომ მოხდა, ამ კითხვაზე პასუხისთვის "ჯი-ეიჩ-ენი" ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს დაუკავშირდა.
- ბატონო რომან, რამ განაპირობა ქვეყნის რეიტინგის ცვლილება და და იმოქმედებს თუ არა იგი საინვესტიციო აქტიურობაზე? და ზოგადად, რა უჩვენებს ეს რეიტინგი?
-რეიტინგი აჩვენებს ქვეყნის უნარს, დროულად მოემსახუროს საგარეო ვალდებულებეს. ანუ როგორია ვალის ტვირთი და არსებობს თუ არა საფრთხეები , რომ მან პრობლემები შეუქმნას ეკონომიკის განვითარებას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რეიტინგში არსებითი ცვლილება არ მომხდარა. მისი ძირითადი პარამეტრები იგივე დარჩა, შეიცვალა მხოლოდ მომავალი ტენდენციის გამომხატველი მაჩვენებელი. მომავლის პროგნოზი „სტაბილურობიდან" შეიცვალა „პოზიტიურობისაკენ". მოკლედ, უფრო კორექტულად რომ ვთქვათ, რეიტინგი გაუმჯობესდა. ესეც კარგია, რა თქმა უნდა.
- რა იყო ამის მიზეზი?
- ამის მიზეზი რამდენიმეა. პირველი, ტექნიკური და მეორე სისტემური. პირველი ის, რომ შემცირდა საგარეო ვალი. წელს ქვეყანას დაუდგა ვალების გასტუმრების ერთ-ერთი მძიმე წელიწადი. ეროვნულმა ბანკმა მთლიანად გაისტუმრა სავალუტო ფონდის წინაშე არსებული დავალიანება. მთავრობამაც დაფარა ვალი საკმაო ოდენობით. გავლენა მოახდინა იმანაც, რომ შეჩერდა ლარის გაუფასურების ტენდენცია, რამაც სახიფთო სახე მიიღო ნოემბერ-იანვარში და დიდძალი უცხოური ვალუტის რეზერვები შეიწირა( 470 მილიონი დოლარი). ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები შემცირდა 3,1 მილიარდი დოლარიდან შარშანდელ ზაფხულის პერიოდთან შედარებით დღევანდელ 2,5 მილიარდამდე. ბოლო ექვს თვეში კურსი დასტაბილურდა და აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა პირველად შეავსო რეზერვები 100 მილიონი დოლარის ოდენობით. თანაც, ისეთი პირი უჩანს, რომ ეს პროცესი შეიძლება კიდევ გაგრძელდეს ტურისტულული სეზონიდან გამომდინარე. არ შემცირდა უცხოეთიდან გადმირიცხვები( პირველ რიგში რუსეთიდან), რომლის საფრთხე არსებობდა მთელი წლის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. ეს კომპონენტი არის ქვეყნის სავალუტო შემოდინებების და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დაფარვის ძირითადი წყარო ( 1,5 მილიარდი დოლარი წელიწადში). განსხვავებით წინა წლებისგან მისი ზრდის ტემპი შემცირდა, მაგრამ კარგია, რომ მოცულობაში არ კლებულობს. ანუ, ის საფრთხეები, რომლებიც საგარეო ვალდებულებების შესრულებას შეაფერხებდა, არ შეიმჩნევა.
ამასთან, კვლავ არსებობს საკმაო რისკები. საგარეო ვალი კი შემცირდა, მაგრამ წელს მთავრობამ ძალიან გაზარდა საშინაო ვალი. დიდძალი ფული ისესხა ქართული კომერციული ბანკებისაგან ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად. კვლავ არის საფრთხე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დროში არათანაბარი შესრულების სახით.
ასევე ამ შეფასებაში არ არის გათვალიწინებული მთავრობის მიერ სულ ახლახან დამატებითი საგარეო ვალის აღება სავალუტო ფონდიდან, 154 მილიონი დოლარის ოდენობით .
ამ უკანასკნელმა არა მგონია რაიმე არსებითი ზემოქმედება იქონიოს მომავალში რეიტინგის გადახედვისას, რადგან წლის ბოლომდე მთავრობას კიდევ მოუწევს ვალის გადახდა და მისი საერთო მოცულობა არ გაიზრდება, მაგრამ თავისთავად ის, რომ ბიუჯეტი ვერ იგეგმება ვალებით მისი შევსების გარეშე, არ არის კარგი.
-რაც შეეხება მეორე, სისტემურ ფაქტორს, რას გულისხმობდით ამაში?
დადებითი ტენდენციის შექმნის მთავარი ფაქტორია ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება და მისი სრული ძალით ამოქმედება რამდენიმე თვეში, როცა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანაც მოახდენს მის რატიფიცირებას. ანუ, პერსპექტივა კარგი გვაქვს, თუ კარგად გამოვიყენებთ. რეიტინგში სიტყვა „პოზიტიურიც" ზუსტად ამას გულისხმობს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ლაშა ნოდია 

ავტორი: . .