2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო 44-ე ოლიმპიადის დაწყებამდე ბათუმში ახალი დარბაზის მშენებლობა იგეგმება. როგორც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე განმარტავს, დარბაზის ასაშენებლად ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მისი ფართობი 4000 კვ/მ-მდე იქნება.
„ამისთვის წინ გვაქვს 4 წელი, მთავარია 2018 წლისათვის გაკეთებული იყოს 3000- 4000 კვ/მ ფართის დარბაზი, სადაც ერთდროულად 3000 მოთამაშის განთავსება და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ათეული საჭადრაკო პარტიის გამართვა იქნება შესაძლებელი. მონაწილეთა რაოდენობა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მასშტაბურია ღონისძიება", - აცხადებს ხაბაძე.
თავად ინფრასტრუქტურა მრავალპროფილური უნდა იყოს, რათა ოლიმპიადის დასრულების შემდეგ საჭიროებისამებრ იყოს გამოყენებული და დატვირთული.
„რამდენიმე წინადადება განიხილება და ვფიქრობ უახლოეს პერიოდში კონცეფციის ვარიანტებს შევთავაზებთ ბიზნესს და საზოგადოებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ობიექტი არ უნდა იყოს მხოლოდ საჭადრაკო ოლიმპიადისთვის აშენებული შენობა. ის უნდა იყოს მრავალპროფილური. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ უნდა გამოდგეს ხელოვნების საღამოებისთვის, გამოფენებისთვის, უნდა მოერგოს საკონცერტო და სხვა ფუნქციებს, რაც ინვესტორისთვის იქნება მიმზიდველი"- ამბობს არჩილ ხაბაძე.
აჭრის მთავრობაში მიიჩნევენ, რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურა, რაც 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობისათვის იყო საჭირო FIDE-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
„სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ გადაწყვეტილების მიღებისა. თუმცა 2018 წლამდე კიდევ ბევრი რამ გაკეთდება, მოწესრიგდება და გაუმჯობესდება. ამ პერიოდისთვის ბათუმში კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. უკვე დასრულებული იქნება ამ მომენტისთვის მიმდინარე გზების კეთილმოწყობისა და შიდა საკანალიზაციო, სასმელი წყლისა და არხების რეაბილიტაციის პროცესი. ქალაქში და მთლიანად რეგიონში კიდევ არაერთი ახალი, ძალიან კარგი პროექტის განხორციელება უკვე დაგეგმილია, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს"- აცხადებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი.
ბათუმში გასამართი საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ხარჯებს საქართველოს მთავრობა გამოყოფს და როგორც აჭარის მთავრობის პირველი პირი მიიჩნევს, ბათუმში ამ დონის ოლიმპადის ჩატარება, რეგიონში დამატებითი კაპიტალის შემოსვლის წინაპირობა გახდება.
„ეკონომიკური სარგებლის პროგნოზირებისას უნდა ითქვას, რომ 2018 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ბათუმი 180 ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლებს. მომავალი 4 წლის განმავლობაში ყველა მონაწილე ქვეყნის მედია საშუალებებში უფასოდ განთავსდება ჩვენი რეგიონისა და ქალაქის რეკლამები, რაც საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა ნებისმიერი მდიდარი ქვეყნისთვისაც კი. 3000 მოთამაშეს საზღვაო სეზონის მიწურულს სულ ცოტა 5000 ადამიანი ჩამოყვება - მსაჯები, ორგანიზატორები, მწვრთნელები, გულშემატკივრები. 2 კვირით გაგრძელდება საკურორტო სეზონი"- აცხადებს ხაბაძე და დასძენს, - „ის, რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქი, რეგიონი და ქვეყანა 180 ქვეყნის სარეკლამო სივრცეს მოიცავს, ამ ქვეყნების ტელევიზიებსა და სხვა მედია საშუალებებში იტრიალებს ვიდეორგოლები და სისტემატურად გამოქვეყნდება პუბლიკაციები სამზადისისა და თავად საქართველოსა და ბათუმის შესახებ, - ეს კიდევ მინიმუმ 10 წელი იმუშავებს ქართული ტურისტული ბაზრის სასიკეთოდ".
წინასწარი გათვლებით, ბიუჯეტს 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობა 20 მლნ დოლარის ეკვივალენტი ლარში დაუჯდება.
როგორც არჩილ ხაბაძე აცხადებს, 20 მლნ დოლარის ბიუჯეტი ეს არის სავარაუდო ბიუჯეტი, რომელიც FIDE-ს (მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის) მოთხოვნაა.
აღნიშნული დაფინანსება კი მოიცავს: 2017 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ხარჯებიც, რომლის ჩატარების ვალდებულებაც ოლიმპიადასთან ერთად მოვიპოვეთ. ასევე 180-მდე ქვეყნის ქალთა და ვაჟთა გუნდების მიღება, სასტუმროში განთავსება და კვება; სათამაშო დარბაზის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა; მომსახურე პერსონალისა და მსაჯების ანაზღაურება; ნვითარებადი ქვეყნების დახმრების პროგრამა, რაც მოიცავს: მწვრთნელების გადამზადებას საწვრთნელი შეკრებების გამართვას; ავიაბილეთების სუბსიდირება; FIDE-ს კონგრესის ორგანიზება - დელეგატების და საპატიო სტუმრების მიღება; ინტერნეტის საშუალებით - პირდაპირი ეთერით ყოველდღიური გადაცემების უფლება; მედია-გაშუქებისა და პოპულარიზაციის უფლებები; ოლიმპიადის გახსნა- დახურვის ცერემონიების ორგანიზება და ტრანსლირება.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპაიდის ჩატარებაზე ბათუმის კონკურენტი სამხრეთ აფრიკის ქალაქი კეიპტაუნი იყო.