„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება", - აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ ბათუმში, საერთაშორისო ფორუმზე - „ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი", სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხაბაძის განმარტებით, ბათუმსა და მთლიანად რეგიონში მიმდინარეობს და იგეგმება რამოდენიმე ასულ მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ წყალმომარაგების, კანალიზაციის, სატრანსპორტო, ენერგო, საზოგადოებრივი და საქალაქო ინფრასტრქუტურის ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას.
„ქალაქი თანდათანობით იბრუნებს იმ მნიშვნელობას, რომელიც მას გააჩნდამე-19 -მე-20 საუკუნის მიჯნაზე, როდესაც ის წარმოდგენდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრს შავ ზღვაზე. რეგიონის უნიკალური ბუნება, კლიმატი, მისი მოსახლეობის მდიდარი ეთნო-კულტურული ტრადიციები და ისტორიული წარსული ხელს უწყობს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის ჩამოყალიბებას, რამაც ბათუმი და აჭარა მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცია."-განუცხადა არჩილ ხაბაძემ კონგრესმენებს.
კონგრესის ორგანიზატორია „საქართველოს ბიზნეს კლუბი", რომელიც დაარსდა 2014 წელს და უკვე აერთიანებს რამდენიმე მსხვილ ბიზნეს კომპანიას. კლუბს, რომლის პრეზიდენტია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შოთა სიგუა, ევროპის ეკონომიკურ სენატში 10 წარმომადგენელი ეყოლება სენატორის სახით. სენატორები შეირჩევიან წევრი ბიზნესმენებიდან დარგების მიხედვით: მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ენერგეტიკა, მედია და სხვა. კონგრესზე ბიზნეს კლუბის პრეზიდენტმა კლუბის პრეზენტაცია გააკეთა, და რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი სენატორად წარადგინა. კლუბის მიზანია ევროპული ინვესტიციების მოზიდვა. საინვესტიციო პროექტების ევროპელი მსხვილი ინვესტორებისათვის პრეზენტირება, ქართული ბიზნეს ინტერესების ლობირება ევროპაში. კონგრესის თანაორგანიზატორები არიან აჭარის მთავრობა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.