სსფ-ს მიერ გამოყოფილი ტრანში ბიუჯეტის გარდა, შესაძლოა სებ-ის რეზერვების გაზრდასაც მოხმარდეს. მთავრობამ დღეს სსფ-ს მიერ დამტკიცებული Stand-By Arrangement (SBA) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვის შესახებ საკითხი განიხილა და როგორც ფინანსთა მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, თანხას საქართველოს 3 წლის განმავლობაში მიიღებს.
''SBA სპეციალური ნასესხობის უფლებას ნიშნავს. საუბარია დაახლოებით თანხზე, რომელსაც 3 წლის განმავლობაში მიიღებს საქართველო. ამ თანხის ნაწილი ბიუჯეტში ჩაირიცხება, ნაწილი - შეიძლება მოხმარდეს ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდას",- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრის განმარტებითვე, ეს ყველაფერი არის მორალური მხარდაჭერა და იმის დადასტურება, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორად ვითარდება და ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 36-თვიანი „სარეზერვო დაფინანსება" 100 მილიონი ნასესხობის სპეციალური უფლების" (SDR-ის ოდენობით, დაახლოებით 154 მილიონი აშშ დოლარი) საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამის მხარდასაჭერად.
აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს 40 მლნ (SDR-დაახლოებით 62 მილიონი აშშ დოლარი) დაუყოვნებლივ გამოყოფას, ხოლო დარჩენილი თანხა გადანაწილდება პროგრამის მსვლელობის განმავლობში მიმოხილვების გათვალისწინებით.
სსფ-ს ინფორმაციით, ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის პროგრამა, მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური მოწყვლადობების შემცირებას, პოლიტიკის ბუფერების გაძლიერებასა და ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას. ამავდროულად, მოხდება ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერება.