ქართული ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flyvista" კიევის მიმართულებით ფრენების განხორციელებას 28 აგვისტოდან დაიწყებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კიევის „ჟულიანის" აეროპორტიდან კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანიამ ფრენების განსახორციელებლად შესაბამისი ნებართვები უკვე მიიღო.
უკვე ცნობილია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 13:00 საათზე, ხოლო კიევიდან თბილისის მიმართულებით 15:25 საათზე განხორციელდება. ბილეთების ღირებულება (ერთი გზა) 99 ევროდან დაიწყება. ფრენებს „Flyvista" ახალი Boeing 737-300-ით შეასრულებს, რომელიც ავიაკომპანიამ 25 ივლისს მიიღო. ბორტზე კვება ფასიანია, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბორტზე მგზავრს უფასოდ 7 კილომდე ხელბარგის და 20 კილომდე ბარგის ატანა შეუძლია.
ამ დროისათვის „Flyvista" თბილისიდან მხოლოდ თეირანის მიმართულებით ასრულებს რეისებს, ხოლო სამომავლოდ მოსკოვის, ალმაატის, პრაღას, მინსკის, სტამბულისა და ბაქოს მიმართულებითაც გეგმავს ფრენების დაწყებას.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ თეირანის მიმართულებით ფრენები 4 აგვისტოდან დაიწყო. თბილისი-თეირანი-თბილისის რეისზე ბილეთის ფასი, ერთი გზის მიმართულებით, 99 ამერიკული დოლარია.
აღსანიშნავია, რომ „Flyvista" დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გეგმიურ ფრენებს თბილისიდან მეზობელ ქვეყნებში ხელმისაწვდომ ფასად.