ENG / RUS       12+

ანატოლი ხრულევი: ჩემს არმიას თბილისის აღება შეეძლო, მაგრამ ვიღაცას შეეშინდა ასეთი გამარჯვების

რესპოდენტის შესახებ

რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას" დღევანდელ, 8 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ რუსეთის 58-ე არმიის ყოფილ სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ხრულევთან.
როგორც კორესპონდენტი ვიქტორ ბარანეცი წერს, 2008 წლის ზაფხულისათვის ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ისე გაწრთვნეს მიხეილ სააკაშვილის ჯარი, რომ გადაწყვიტა შესეოდა სამხრეთ ოსეთს და საქართველოში დაებრუნებინა. მან ბრძანა არტილერიის ცეცხლი დაეშინათ ცხინვალში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ბატალიონისათვის, შემდეგ კი თვით სამხრეთ ოსეთის დედაქალაქისათვის. ასე დაიწყო „ხუთდღიანი ომი", რომელშიც ჩარევა რუსეთს მოუწია. ომის ბედი 58-ე არმიამ გადაწყვიტა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ანატოლი ხრულევი: „მე იმ ღამეს, 8 აგვისტოს, არმიის შტაბში, ჩემს კაბინეტში ვიჯექი. ძალიან საგანგაშო სიტუაცია იყო, ვითარება ყოველ საათს სულ უფრო მეტად იძაბებოდა... სროლები ქართველების მხრიდან, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ევაკუაცია... ქალებისა და ბავშვების გაყვანა... შვიდ აგვისტოს 16 საათზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივად წყვეტს ცეცხლს. ამ ფაქტმა რაღაც დამაეჭვა. მე კარგად ვიცი კავკასიური ანდაზა: თუ მტერი ერთი ხელით პურს გიწვდის, მეორე ხელსაც შეხედე, ხანჯალი ექნებაო. და აი, ღამის პირველ საათზე მარატ კულახმეტოვის (სამშვიდობო ძალების სარდლის) ზარი... მეუბნება, რომ მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაურეკა და უთხრა, რომ „ჩვენ ძალისმიერ ოპერაციას ვიწყებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადო".
ვიქტორ ბარანეცი: და როგორ შეაფასეთ ასეთი „რაინდული" გაფრთხილება?
ანატოლი ხრულევი: როგორც ქართველების სრული თავდაჯერება საკუთარ გამარჯვებაში... მარატ კულახმეტოვმა მომახსენა, რომ ქართველები ჩვენს მშვიდობისმყოფლებს ბომბავენ... ნათელი გახდა, რომ ომი დაიწყო.. იმ წუთსვე ვბრძანე გაეხსნათ ასეთი საგანგებო სიტუაციებისთვის სპეციალურად მომზადებული საიდუმლო პაკეტი და შევუდექი დოკუმენტის მოთხოვნების შესრულებას.
ვიქტორ ბარანეცი: და რა ეწერა იმ პაკეტში არსებულ დოკუმენტში?
ანატოლი ხრულევი: 58-ე არმიის ოპერატიული ამოცანები, სამხრეთ ოსეთში არსებული სამშვიდობო ძალების გაძლიერება... დავუკავშირდი სამხედრო ოლქის მორიგეს და მოსკოვს... ეს იყო 8 აგვისტოს ნოლ საათზე და სამ წუთზე. ომი უკვე სამი წუთია მიმდინარეობდა... ვუბრძანე ბატალიონებს რაც შეიძლება სწრაფად დაძრულიყვნენ ცხინვალისაკენ, არ მიეცათ ქართველებისათვის გზის გადაკეტვის შესაძლებლობა. გაენადგურებინათ ყველა მათი მათი ბლოკ-პოსტი და ხელში ჩაეგდოთ გუფთის ხიდი. ჩვენი ძალები ხიდთან იმ მომენტში მივიდნენ, როცა მას მეორე მხრიდან ქართველები მოადგნენ. ისინი ჩვენ ნამდვილად არ გველოდნენ, ვერ წარმოიდგინეს, რომ ომის გამოცხადებინადან ოთხ საათში რუსები იქ აღმოჩნდებოდნენ. პოლკის მეთაურმა ანდრეი კაზაჩენკომ ქართველთა ძალები ტანკების ცეცხლით გაანადგურა, თუმცა ჩვენც ერთი საბრძოლო ჯავშანმანქანა დავკარგეთ (...).
როცა როკის გვირაბში შევედით, მოძრაობა ისეთი მჭიდრო იყო, ისეთი კვამლი იდგა, რომ წინმიმავალთ ვერც კი ვხედავდით... ამიტომაც გავეცი ბრძანება, რომ ჯარისკაცებისათვის სველი მარლები მიეცათ, რომ სუნთქვა ცოტა მაინც გაიოლებულიყო.
ვიქტორ ბარანეცი: როგორ მოხდა, რომ არმიის სარდალი ყველაზე ცხელ ბრძოლაში მოხვდა და მძიმედ დაიჭრა?
ანატოლი ხრულევი: იმ მომენტში ჩვენს მშვიდობისმყოფლებს ქართველები ტანკებიდან მიბრჯნით ესროდნენ, ცხინვალი უკვე „ფენოვან ღვეზელს" ჰგავდა - აქ ქართველებია, იქ ოსი მოლაშქრეები... მივიღე გადაწყვეტილება ცხინვალის აღმოსავლეთ გარეუბანში გადავსულიყავი. გზაზე შევეფეთეთ 30-40 ქართველს, რომლებიც პირდაპირ ჩვენსკენ მორბოდნენ. იძულებული გავხდით ბრძოლა მიგვეღო. აღმოჩნდა, რომ ბუჩქნარში ქართველი „სპეცნაზელებიც" იყვნენ ჩასაფრებულნი და ჩვენ ფაქტიურად ალყაში აღმოვჩნდით. სწრაფ ბრძოლაში სპეცნაზს გრანატები დავუშინეთ, გზაზე გაქცეული ქართველები კი თავს ავტომატების სროლით იცავდნენ. აი, სწორედ იქ დავიჭერი ფეხში... (...)
ვიქტორ ბარანეცი: თქვენთვის რომ მაშინ ებრძანებინათ თბილისის აღება, ბრძანების შესრულება შესაძლებელი იყო?
ანატოლი ხრულევი: მე ასეთი ბრძანება არ მქონია...
ვიქტორ ბარანეცი: რატომ?
ანატოლი ხრულევი: იმიტომ, რომ გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა ასე გადაწყვიტა, ან ვიღაცას შეეშინდა ასეთი გამარჯვებისა... მე რომ მაკაროვთან არ მელაპარაკა, თბილისამდე მივიდოდი, სულ რაღაც 70 კილომეტრი იყო დარჩენილი. ერთი ნახტომი და იქ ვიქნებოდით. რა პრობლემაა?".

ავტორი: . .