ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ ახალ ანგარიშს მოამზადებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში გამართულ, 1080-ე სხდომაზე, ევროპის საბჭოს მინისტრების მოადგილეთა კომიტეტმა მიიღო.
"კომიტეტმა განიხილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის ახალი წინადადებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების ამსახველი ანგარიშგების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული გადაწყვეტილებების შენარჩუნება და მოუწოდეს გენერალურ მდივანს წარმოადგინოს ახალი კონსოლიდირებული ანგარიში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშგების ახალ სისტემაში შენარჩუნებულია ის სამი არსებითი ელემენტი, რომელიც არსებობდა გენერალური მდივნის 2009 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად გამოქვეყნებულ ანგარიშებში, კერძოდ: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთისა და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე ევროპის საბჭოს ქმედებები ორი აღნიშნული გამოწვევის აღმოსაფხვრელად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ ანგარიშს მიმდინარე წლის აპრილში ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები