საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის მეტროსადგურებში მომხდარი აფეთქების დროს ქართველი ეროვნების მოქალაქეები არ დაზარალებულან. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ განუცხადა.
"რუსულ მხარეს შვეიცარიის საელჩოს საშუალებით დავუკავშირდით. ამ დროის ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების დროს ქართველი ეროვნების მოქალაქეები არ დაზარალებულან, თუმცა ინფორმაციის გადამოწმება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და თუ რამე სიახლე იქნება საზოგადოებას უახლოეს საათებში მივაწვდით", - განაცხადა კიკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროში დღეს დილით, 29 მარტს, ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქება მეტროსადგურ "ლუბიანკაზე" 07:56 საათზე, მეორე კი "პარკ კულტურიში" 08:39 საათზე დაფიქსირდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ. მოსკოვის პროკურორის იური სიომინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულიყო.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს იცვლება. ამ დროისთვის 37 გარდაცვლილის შესახებ საუბრობენ, რომელთა შორის არიან როგორც მეტროს მატარებელში, ისე სადგურის პლატფორმაზე მყოფი მოქალაქეებიც.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ამ დროისთვის მოსკოვის სხვადასხვა საავადმყოფოში 20-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ მათი სამედიცინო დაწესებულებებში ტრანსპორტირება ვერტმფრენებით ხდება, რადგან რუსეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზები პარალიზებულია.
აღსანიშნავია, რომ მომხდარ აფეთქებებთან და გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია უკვე მოისმინა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.