15 აგვისტოს, ბათუმში საერთაშორისო ფორუმი „ევროპის ეკონომიკური კონგრესი" ჩატარდება. კონგრესი „ევროპის ეკონომიკური სენატის" ინიციატივით იმართება, რომელიც წარმოადგენს ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრ- ორგანიზაციას. მასში გაწევრიანებულია მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ევროპის ეკონომიკური სენატის მიზანია ევროპული ბიზნესის კოორდინაცია, ბიზნესის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო მოხელეების ურთიერთთანამშრომლობა, ევროპული ბიზნესის ხელშეწყობა საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიების კუთხით.
როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, საინვესტიციო გარემოს გაცნობისა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, ევროპის ეკონომიკური სენატის და საქრთველოს ბიზნეს კლუბის ინიციატივით საქართველოში ჩამოდის ევროპელ ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „ევროპის ეკონომიკური კონგრესის" მუშაობაში. საქართველოში მათი ინტერესის სფეროებია: ენერგეტიკა, ტურიზმი, მშენებლობა, მედიცინა, უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და სხვ.
კონგრესის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ქართული მხრიდან კონგრესს დაესწრებიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები. კონგრესის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ევროპელ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.