მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 15,82%-ითაა გაზრდილი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის ექვს თვეში აეროპორტმა 183 მგზავრი გაატარა, მაშინ როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტით 158 მგზავრმა ისარგებლა. 2012 წლის იანვარ-ივნისში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა 916 მგზავრიო გაატარა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელის 6 თვეში 2012 წლის ექვს თვესთან შედარებით მგზავრთნაკადი 80 %-ითაა შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისიდან მესტიის მიმართულებით ავიარესიები განახლდება. მესტიის მიმართულებით ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს, რომელმაც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია რეისებს ახალი, ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს. მგზავრებისთვის თბილისსა და ნატახტარს შორის მიმოსვლა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით უფასო იქნება.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას (7-8 სთ.) 45 წუთამდე შეამცირებს.
რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. (გაფრენა 11:00; გამოფრენა-14:00). ავტობუსი, რომელიც მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს ნატახტარის აეროდრომისკენ, კვირაში სამჯერ გავა თბილისიდან, მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან და ამავე ადგილზე ჩამოიყვანს მესტიიდან ჩამოსულ მგზავრებს ნატახტარის აეროდრომიდან. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით იქნება 65 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს არის სახელმწიფოს სუბსიდირების შედეგად მიღებული ფასი, რადგან ავიაკომპანიას ერთი მგზავრის გადაყვანა გაცილებით ძვირი უჯდება.
სახელმწიფოს 3 წლის მანძილზე განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა მგზავრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბილეთის შეძენა, ასევე კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრენა ზამთრის პერიოდში.
მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ "ვანილა სქაის" სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში მისამართზე: ბამბის რიგი N11; მესტიაში ბილეთები გაიყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში.