Twin otter dhc6 ტიპის ხომალდთან დაკავშირებით, რომლითაც კანადური ავიაკომპანია Kenn Borek Air-ი თბილისი-მესტიის რეისებს ასრულებდა, წლების განმავლობაში არა ერთი უბედური შემთხვევაა დაკავშირებული. ირკვევა, რომ მსგავსი ტიპის ხომალდმა კატასტროფა განიცადა 2014 წლის თებერვალში ნეპალში (მსხვერპლი 18 კაცი, მათ შორის ეკიპაჟი), ასევე 2013 წლის ოქტომბერში კუდატში (მსხვერპლი 2 კაცი), 2013 წლის მაისში ნეპალში (მსხვერპლი არ იყო, თუმცა დაზიანდნენ მგზავრები).
იმავდროულად 2013 წლის იანვარში საჰაერო ხომალდი Twin otter dhc6-ი ჩამოვარდა ანტარქტიდაში. უბედური შემთხვევის სამი ფაქტი დაფიქსირდა 2011 წელს (ჯამში 8 მსხვერპლი), 2010 წლის დეკემბერში დაფიქსირებულმა შემთხვევამ კი იმსხვერპლა 22 მგზავრი. ორი შემთხვევა დაფიქსირდა 2009 წელს (მსხვერპლი 29 ადამიანი ჯამურად), 2008 წლეს იყო 1 შემთხვევა (მსხვერპლი 16 ადამიანი), 2007 წელს - 2 შემთხვევა (ჯამში მსხვერპლი 29 ადამიანი), 2001 წლის შემთხვევამ კი იმსხვერპლა 20 ადამიანი.
1998 წელს, 1996 წელს, 1995 წელს, 1993 წელს, 1992 წელს, 1991 წელს, 1990 წელს, 1989 წელს და 1986 წლებში დაფიქსირდა 2 შემთხვევა.
Twin otter dhc6 სჯობს თუ L 410? აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით ავიარეისები განახლდა და ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ რეისს საჰაერო ხომალდი L 410-ი განახორციელბდა.
„საქაერონავიგაციის" ყოფილმა ხელმძღვანბელმა და იმავდროულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი კარბელაშვილმა განაცხადა, რომ ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს, რის მიზეზადაც კარბელაშვილმა დაასახელა ის, რომ ხომალდი უსაფრთხოების არანაირ ნორმებს არ აკმაყოფილებს, რადგანაც ის არ არის კონტროლირებადი და მას „სულელ" თვითმფრინავს ეძახიან.
გუშინვე საპასუხოდ განცხადება გაავრცელა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებმაც, რომელმაც განმარტა, რომ ოპონენტების მიერ მედიაში გავრცელებული განცხადებები არის უსაფუძვლო და ემსახურება თბილისი-მესტიის რეისის განახლების მნიშვნელოვანი პროექტის ხელის შეშლას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
„საჰაერო ხომალდი L 410, რომელიც იფრენს მესტიაში არის უსაფრთხო, რასაც ასევე მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი სერტიფიცირებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო და ევრორეგულაციებზე დაყრდნობით. შესაბამისად საჰაერო ხომალდი, რომელიც სერტიფიცირებულია ევროკავშირის ქვეყნებში ოპერირებისათვის, არ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, სწორედ ამის გარანტად დგება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო. L 410 ტიპის საჰაერო ხომალდი გამოდის 1969 წლიდან, რომელმაც განიცადა გაუმჯობესება და დღესაც წარმატებით ოპერირებს მთელს მსოფლიოში, ჯამში დაახლოებით 500 მოქმედი თვითმფრინავია ოპერირებაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ლიტვაში და ევროგაერთიანების სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ოპონენტების მხრიდან უბედურ შემთხვევებზე მხოლოდ საჰაერო ხომალდის ტიპზე საუბარი გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისიდან მესტიის მიმართულებით ავიარესიების განხორციელება დაიწყება. მესტიის მიმართულებით ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს, რომელმაც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია რეისებს ახალი, ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს. მგზავრებისთვის თბილისსა და ნატახტარს შორის მიმოსვლა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით უფასო იქნება.
თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას (7-8 სთ.) 45 წუთამდე შეამცირებს.
რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. (გაფრენა 11:00; გამოფრენა-14:00). ავტობუსი, რომელიც მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს ნატახტარის აეროდრომისკენ, კვირაში სამჯერ გავა თბილისიდან, მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან და ამავე ადგილზე ჩამოიყვანს მესტიიდან ჩამოსულ მგზავრებს ნატახტარის აეროდრომიდან. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით იქნება 65 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს არის სახელმწიფოს სუბსიდირების შედეგად მიღებული ფასი, რადგან ავიაკომპანიას ერთი მგზავრის გადაყვანა გაცილებით ძვირი უჯდება.
სახელმწიფოს 3 წლის მანძილზე განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა მგზავრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბილეთის შეძენა, ასევე კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრენა ზამთრის პერიოდში.
მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ "ვანილა სქაის" სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში მისამართზე: ბამბის რიგი N11; მესტიაში ბილეთები გაიყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში.