მთავრობამ კომპანია ,,სერვისეირთან" გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ტენდერში გამარჯვებული ავიაკომპანია თბილისი-მესტია-თბილისის მიმართულებით მგზავრებს ახალი, კომფორტული, ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით გადაიყვანს
„ჩვენ განსაზღვრული გვაქვს 3 წლის განმავლობაში ლიმიტირებული სუბსიდიით წავახალისოთ ავიარეისები, იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით რაც შეიძლება მეტი რეისის შესრულება და, რაც ყველაზე მთავარია, შეძლოს ზამთარში ფრენა.
გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით ავიარეისი არის აბსოლუტურად კომფორტული - 45 წუთამდე ამცირებს 7-8 საათიან გზას, ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ბილეთის ფასი 65 ლარამდე, იმისათვის, რომ სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ამ ავიარეისით სარგებლობა"- აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში სვანეთთან იოლი, რეგულარული და სწრაფი კომუნიკაცია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას - სწრაფი ტრანსპორტირების საშუალება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტურიზმი.
„ტურიზმის ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ნატახტარი-მესტიის ავიარეისის არსებობა გაზრდის ტურისტების მოტივაციას, ეწვიონ სვანეთს. როდესაც ტურისტი ჩაფრინდება ადგილზე, მესტიის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ჩაერთოს ტურისტის მასპინძლობაში და მიიღოს დამატებით შემოსავალი.
მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტიპის ინტენსიური ავიარეისები მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყანას, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტის ბაზის ჩამოყალიბებას და მის განვითარებას. მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გადაამზადოს ქართველი მფრინავები და ტექნიკოსები, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება ქართული მცირე ავიაციის განვითარებისთვის", აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას (7-8 სთ.) 45 წუთამდე შეამცირებს.
პირველი რეისი მესტიის მიმართულებით 18 ივლისს შესრულდება. ავიარეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. გაფრენა 11:00; გამოფრენა 14:00, ბილეთის ღირებულება იქნება 65 ლარი ( ერთი მიმართულებით).
მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ „ვანილა სქაის" სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში - მისამართზე: ბამბის რიგი #11; მესტიაში ბილეთები გაიყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში;