მოძრაობა "დაიცავი საქართველოსთვის" ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ის მზადაა თბილისის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუკი ოპოზიციური სპექტრი მის კანდიდატურაზე შეთანხმდება.
"მე მხარს დავუჭერ მხოლოდ ერთიან კანდიდატს და არა რომელიმე ცალკე აღებულ მათგანს. იმ შემთხვევაში კი, თუკი ოპოზიციური სპექტრი ჩემს კანდიდატურაზე შეთანხმდება, თანახმა ვიქნები, კენჭი ვიყარო თბილისის მერად", - განაცხადა გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "მე-2 არხის" ეთერში, გადაცემა "თავისუფალ ტრიბუნაში".
მისი თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში ერთი კანდიდატის გამოვლენა ოთხ პოლიტიკოსს შორის: "კონსერვატორების" ლიდერ ზვიად ძიძიგურს, "ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილს, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერ ირაკლი ალასანიასა და "მრეწველთა პარტიის" თავმჯდომარე გოგი თოფაძეს შორის უნდა მოხდეს.
"ეს ოთხი ადამიანი უნდა შეთანხმდეს ფორმაზე, როგორ უნდა მოხდეს ერთიანი კანდიდატის გამოვლენა. ჩემთვის სულ ერთია, ვინ იქნება კანდიდატი, მთავარია იყოს ერთი. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ირაკლი ალასანიას, თუ სხვას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ყველას ჰყავს თავისი მხარდამჭერი და ამიტომ ერთი კანდიდატია საჭირო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.