აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი თბილისშია. აეროპორტში ბეიკერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და აშშ ელჩი რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა ჯეიმს ბეიკერს მრავალწლიანი თანამშრომლობა და ურთიერთობა აკავშირებდა ედუარდ შევარდნაძესთან, როგორც მისი სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე საქართველოს პრეზიდნეტის პოსტებზე ყოფნისას.
"ძალზედ ემოციური მომენტია, რომ იგი ესტუმრა მისი მეგობრის ქვეყანას, როდესაც ის გარდაიცვალა. მისი მისალმება იყო ემოციებით სავსე. მცირე დიალოგში გაიხსენა ის წლები, როდესაც შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც ერთად თანამშრომლობდნენ. ასევე გაიხსენა ბატონი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, რომელიც იმ პერიოდში ახალგაზდრა დიპლომატი იყო და ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა. მოიკითხა საერთო მეგობარი დიტრიხ გენშერი, იცის რა, რომ ისიც ესწრება დაკრძალვას. ერთგვარად გამოთქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ კვლავ იმყოფება საქართველოში, მისთვის ესოდენ საყვარელ და ძვირფას ქვეყანაში. ასევე აღნიშნა, რომ ის და ედუარდ შევარდნაძე იყვნენ არამარტო პარტნიორები, არამედ მეგობრები", - განაცხადა ჯალაღანიამ.
ჯეიმს ბეიკერი 13 ივლისს ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.