ქვეყნის ჰოსპიტალიზაციის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მთავრობა სამოქმედო გეგმას აპრილის მეორე ნახევარში გამოაქვეყნებს. მთავრობის ამ გეგმის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, გუშინ გვიან საღამოს მასთან იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი, რომლებმაც გააცნეს ხედვა თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა ჰოსპიტალურ სექტროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, ეს გეგმა საკმაოდ სრულყოფილია და გეგმის განხორციელებიდან ორ წელში საქართველოს ყველა რაიონში იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ჰოსპიტალები, ხოლო ამ გეგმის მეორე ნაწილი ითვალისწინებს რეფორმას მოქალაქეთა სოციალური დაზღვევის საკითხში, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს ჰოსპიტალების მომსახურებით.
ბაქრაძის ინფორმაციით, მთავრობის აღნიშნული გეგმა გამოქვეყნდება აპრილის მეორე ნახევარში და დეპუტატებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ამ გეგმის განხილვაში და დასძენს, რომ "აუცილებელია ეს გეგმა განხილულ იქნას საზოგადეობასთანაც, ვინაიდან ეს კეთდება საზოგადოებისათვის და მათი აზრის გათვალისწინება აუცილებელი იქნება".