მიმდინარე წლის 23 ივნისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, რომელზეც საჯარო სექტორის მართვის საკითხები განიხილეს.
მიზნობრივი და პროგრამული ბიუჯეტების შედგენა, ფისკალური მართვა და ვალის მდგრადობა, სახელმწიფო ინვესტიციებისთვის პროექტებს შერჩევის კრიტერიუმების გაძლიერება - ეს ის თემებია, რომელზეც მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს აქტიურ მუშაობას საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე, შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის დაგეგმვის გაუმჯობესების მიმართულებით, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან. მისი თქმით, სამინისტრო გეგმავს შესაბამისი ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გათვალისწინებით, შეიმუშავოს მთელი რიგი წინადადებები საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის და მათი განხორციელების ყველა ეტაპის უკეთესი მართვის მიმართულებით.
„ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმას, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი. მნიშვნელოვანია პროცესები, რომელიც საბიუჯეტო დაგეგმვას შეეხება, საჯარო და მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს, ხოლო არსებული ფინანსური რესურსი ეფექტიანად გამოიყენებოდეს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან. დღევანდელი პრეზენტაციები ეძღვნება სახელმწიფო ფინანსების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის საკითხებს და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ამ მიმართულებით," - აღნიშნა მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რაშმი შანკარმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებმა.