საქართველო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კონვენციას შეუერთდა
„ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას დღეს საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა.
თეა წულუკიანის განცხადებით, სტამბულის კონვენციის სახელით ცნობილ დოკუმენტთან მიერთება საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მით უფრო, იმ ტრაგიკული მოვლენების ფონზე, როცა, სამწუხაროდ, ძალადობა მეუღლეთა მკვლელობით დასრულდა. დღეს ხელი მოვაწერეთ კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას. ოჯახში მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრა და ფიზიკური შეურაცხყოფა რიგითი მოვლენა ვერ იქნება. ასეთი დამოკიდებულებების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს სწორედ სტამბულის კონვენცია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" კონვენციას იუსტიციის მინისტრმა ხელი სტრასბურგში, ევროსაბჭოს სათავო ოფისში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად მოაწერა.