20 ივნისს, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სახაზო განყოფილების ახალ შენობას საჩხერის რაიონში, სოფელ გორისასთან გახსნის.
საპატრულო პოლიციის მომსახურება დღემდე არ ვრცელდებოდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის 120 კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე ქალაქ საჩხერესა და ქალაქ ჭიათურაში. ახალი სახაზო განყოფილების საპატრულო ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე დაიწყებენ პატრულირებას.
ასევე გაიხსნება ახალი საგუშაგო სოფელ ჯოყოეთთან, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს.
საპატრულო პოლიციის შენობის გახსნის შემდეგ, მინისტრი საჩხერეში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურს დაათვალიერებს. განახლებული ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი საჩხერეში 1 თვის წინ გაიხსნა. აღნიშნული სამსახური ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ე.წ. ბიონარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დადგენას უახლესი ნარკოტესტებით ახორციელებს.