18 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლით დასადებ შეთანხმებას 500 მლნ იაპონური იენის (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე.
აღნიშნულ ნოტებს და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.
არასაპროექტო გრანტი გამოყენებული იქნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, საგრანტო დახმარების ფარგლებში, იგეგმება როგორც კვლევის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის, ასევე ამბულატორიული მომსახურების მიზნით გამოსაყენებელი აღჭურვილობის შეძენა.
აღნიშნული გრანტი იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე დახმარებაა. იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1997 წლიდან დღემდე საქართველომ მიიღო დაახლოებით 4 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.