გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა, „პროკრედიტ ბანკის" დირექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ შემოწირულობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 29 მარტს კავკასიის ბუნების ფონდს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომლის თანახმადაც ფონდი სააგენტოსათვის 318,900 ევროს ოდენობით გრანტს გამოყოფს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ქმედებების განხორციელების მხარდასაჭერად 2012-2014წწ.
პროკრედიტ ბანკი მეოთხე წელია კავკასიის ბუნების ფონდს უჭერს მხარს. 2011-2013 წლებში ბანკი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას საქველმოქმედო შემოწირულობის სახით დაეხმარა. წელს კი პროკრედიტ ბანკი ფონდს 10.000 ლარის ოდენობით თანხას გადასცემს, რომელსაც ფონდი 2014 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენებს.
"მეოთხე წელია კავკასიის ბუნების ფონდთან ვთანამშრომლობთ, მოხარულნი ვართ, რომ ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოხდა. ჩავატარეთ რამოდენიმე გასვლითი აქტივობა, თანამშრობლებთან ერთად დავასუფთავეთ ტერიტორია, გავწმინდეთ და მარკირება გავაკეთეთ მაჭის ციხის სავალ გზაზე. ნაკრძალის ადმინისტრაციას საჩუქრად გადავეცით ცხენის ხურჯინები, ასევე ნაგვის ურნები, რომელიც მთელ ტერიტორიაზე განთავსდა. როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ფინანსური ინსტიტუტი, პროკრედიტ ბანკი გააგრძელებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას"- აცხადებს პროკრედიტ ბანკის დირექტორი ქეთევან ხუსკივაძე.