არასამთავრობო ორგანიზცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" მობილური ჯგუფები თბილისის მასტაბით არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან. 12:00 საათისთვის ორგანიზაციამ ისნის, მთაწმინდის, ვაკის და საბურთალოს 34 უბანზე განახორციელა დაკვირვება. უბნების მიხედვით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობიდან და თვითმმართველობის არჩევნების წინა წლებში დაფიქსირებული აქტივობის გათვალისწინებით აქტივობა საშუალოზე მაღალია. მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ისეთი უბნები, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 15%-ს აჭარბებს. საშუალოდ თითოეულ უბანზე 150 ამომრჩეველია მისული.
ორგანიზაციამ დააფიქსირა მხოლოდ ერთი დარღვევა მთაწმინდის 22 უბანზე, სადაც „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის" წარმომადგენელმა უბნის კონვერტები თვითნებურად აიღო. აღნიშნულ ფაქტზე შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი.
გარდა ამისა, საბურთალოს 47-ე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი ხელმეორედ ცდილობდა უბანზე შესვლას და ხმის მიცემას. მას აღმოაჩნდა მარკირება და არ იქნა დაშვებული უბანზე.
12:00 საათის მონაცემებით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისათვის დაფიქსირებული უმნიშვნელო დარღვევები არჩევნების მიმდინარეობაზე და შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.
ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" განაგრძობს მონიტორინგის პროცესს და 17:00 საათისთვის საზოგადოებას მიაწვდის განახლებულ ინფრომაციას ამ და სხვა უბნებთან დაკავშირებით.