14 ივნისს, 16:00 საათზე, „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" სოციალური პროექტის „სიცოცხლის ხისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს" ინიციატივით, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე (გაგარინის ქ. 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან), ჩატარდება ღონისძიება, რომელიც ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის ეროვნულ დღეს.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება "პირველი ნაბიჯი საქართველოს" დღის ცენტრის ბენეფიციარების, რომლებიც არიან 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნახატების გამოფენა და გაყიდვა. ასევე, კოსტიუმირებული შოუ, ჯგუფი „ბზიკების" კონცერტი, მხიარული კომიქსების გაფერადება, ცეკვა და შეჯიბრი, სახეების მოხატვა და სხვა აქტივობები.
ღონისძიების მიზანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომელიც „პირველი ნაბიჯი საქართველოს" ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს უკვე 15 წელიწადზე მეტია.
„სიცოცხლის ხის" მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე მუშაობას, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სიცოცხლის ხის ეგიდით დაფინანსების მიღება შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა შესაბამის გაერთიანებებს, რომლებიც წარადგენენ პროექტებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, საგანმანათლებლო აქტივობა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
დღესასწაულს დაესწრებიან „პირველი ნაბიჯი საქართველოს" ბენეფიციარები სხვადასხვა პროგრამიდან, სხვა დღის ცენტრების ბენეფიციარები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და საქართველოს ბანკის თანამშრომლები.
„პირველი ნაბიჯი საქართველო" - არის არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 1998 წელს დააფუძნა ჯეინ ქორბოიმ და ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. ორგანიზაცია ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. თავისი არსებობის 15 წლის მანძილზე, ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგად, ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა დატოვა ბავშვთა სახლი, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, გაიარა სარეაბილიტაციო მომსახურება და შეძლო განათლების სისტემაში ჩართვა და სოციალური ინტეგრაცია. ამჟამად ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სხვადასხვა სახის ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და ოჯახის მხარდამჭერ პროგრამებს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 300-ზე მეტი ბავშვისთვის: დღის ცენტრები, შინ მოვლის პროგრამა, ადრეული ჩარევა.
„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" შესახებ - „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის" მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.foundation.ge
მასალის გამოყენების პირობები